Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაციის დაბალი ტემპი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. რუსეთიდან ჩატანილი ვაქცინით. პირველ ეტაპზე მედპერსონალსა და პედაგოგებს აცრიან. დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში პირველ ეტაპზე რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ -V“-ს ორი ათასი დოზის ჩატანა იგეგმება. ადგილზე უკვე ჩაიტანეს ათასი დოზა. ვაქცინაციის პირველ დღეს აცრაზე 20 ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა, ადგილობრივი ექიმების აზრით, ხელისუფლებას საინფორმაციო კამპანია თავის დროზე რომ ჩაეტარებინა, მსურველი უფრო მეტი იქნებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ექიმ ალექსანდრ პლიევის, განცხადებით, მოქალაქეების აქტივობა ვაქცინაციის მიმართ ძალზედ დაბალია.

ბევრმა ჩვენგანმა ვერც გაიგო, როგორ გადაიტანა კორონავირუსი.  მათ მშვიდად გადაიტანეს, მწვავე სიმპტომების გარეშე. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა წინასწარ ყველასთვის ჩაეტარებინა ტესტი ანტისხეულებზე...
ალექსანდრ პლიევი

პლიევის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ აჩქარდეს და ვაქცინა საჭიროებისამებრ, მცირე პარტიებად შეიძინოს. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, არანაირი იძულება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოლოდინი იყო, რომ ექიმები და პედაგოგები, როგორც ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები, პირველები აიცრებოდნენ. გუშინ ვაქცინაციაზე მხოლოდ ოცი ადამიანი მოვიდა. ეს არ არის საკმარისი, ამბობს ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში:

„მე ეს ვივარაუდე, ამიტომაც შევკრიბე საპარლამენტო კომიტეტი, მოვიწვიე ჯანდაცვის მინისტრი, რომ მოვუწოდოთ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებლად. სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა. ამასობაში, ეს აუცილებელია, რადგან ხალხი ვაქცინაციის პროცესს დიდი სიფრთხილით ეკიდება, მათ შორის ექიმებიც - ოცი ადამიანიდან, ვინც გუშინ მოვიდა ვაქცინაციისთვის, მხოლოდ ორი იყო ჯანდაცვის თანამშრომელი“.

ვაქცინაციაზე გარკვეული შეზღუდვები არსებობს, თუ პაციენტებს იმ პერიოდში გარკვეული უკუჩვენებები, მაგალითად, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები ან პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები აქვთ. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ვაქცინაციამდე პაციენტებმა უნდა გაიარონ ტესტი ანტისხეულებზე.

„ბევრმა ჩვენგანმა ვერც გაიგო, როგორ გადაიტანა კორონავირუსი. მათ მშვიდად გადაიტანეს, მწვავე სიმპტომების გარეშე. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, წინასწარ ყველასთვის ჩაეტარებინა ტესტი ანტისხეულებზე. თუ ტესტი ანტისხეულებს გამოავლენს, მაშინ აღარ არის საჭირო პაციენტის ვაქცინაცია. ვაქცინაცია ტარდება რესპუბლიკურ მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრში, სპეციალურ ოთახში, სადაც იმყოფებიან სპეციალური მიმართულების ექიმები და რეანიმატოლოგები. იქ მუდმივად მორიგეობენ, რათა პრეპარატზე არასასურველი რეაქციების შემთხვევაში აცრილებს დაეხმარონ. ინექციის შემდეგ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მას სახლში წასვლის უფლება ეძლევა. დღეს ჩვენ ყველა ვაქცინირებულს დავურეკეთ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა უარყოფითი რეაქცია ვაქცინაზე, ყველა თავს შესანიშნავად გრძნობს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ლაბორატორია, სადაც ანტისხეულებზე ხდება სისხლის ტესტი, უქმე დღეების გამო დაიხურა, ამიტომ ვაქცინაცია 11 მაისამდე გადაიდება”, - ამბობს ალექსანდრ პლიევი.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ცხინვალში აიცრა, ადგილობრივი ჟურნალისტი კოსტა კოშტეა. ის ამბობს, რომ ვაქცინაციის დაწყებას ელოდა და როგორც კი რუსეთიდან ადგილზე „სპუტნიკ-V“ ჩაიტანეს, მაშინვე გადაწყვიტა აცრილიყო.

რუსი ჯარისკაცები დაჩქარებულად აცრეს, მაგრამ ოსურ ბატალიონებში ვაქცინა ჯერ არ შეუტანიათ, ამიტომ ასეთ თავყრილობებზე ვირუსის გავრცელების საფრთხე დიდია, ჩვენ კი ყველა სიფრთხილის ზომა დავივიწყეთ.

„აქ თავიდან ვაქცინები არ იყო. მინდოდა ჩრდილოეთ ოსეთში გასვლა, მაგრამ არ გამომივიდა. ამიტომ როგორც კი აქ ვაქცინა შემოვიდა, მაშინვე გავიკეთე სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე და რომ არ აღმომაჩნდა, ავიცერი. თავს კარგად ვგრძნობ. ჩემს ერთ ნაცნობს ნანემსარი ადგილი სტკიოდა, მაგრამ ისიც კარგად არის.

ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში უამრავი დეზინფორმაცია და ათასი შეთქმულების თეორია ვრცელდება, მაგრამ ვინც ცოტათი აზროვნებს, ესმის, რომ ამის გაკეთება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს. მე გამოვდივარ იქიდან, რომ ვაქცინირებული ადამიანი, თუ ის დაინფიცირდება, ინფექციას ბევრად უფრო მარტივად გადაიტანს. მე რამდენიმე ქრონიკული დაავადება მაქვს, ჩემთვის უკიდურესად მძიმე იქნებოდა ამ ვირუსის გადატანა და თუ ავადმყოფობა მომიწევს, უმჯობესია მსუბუქი ფორმით მოვიხადო. ასარჩევი ბევრი არაფერია - ყველამ ან ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, ან ავად გავხდეთ”.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი გვეუბნება, რომ ძლივს დაწყებული ვაქცინაცია, ხელისუფლებამ ისევ შეაჩერა 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოტივით და უქმე დღეების გამოცხადებით.

„ინფიცირებულთა რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ აღარც პირბადეს ატარებს ხალხი და ვაქცინაციის მსურველიც ძალიან ცოტაა. ახლა ხელისუფლება მასობრივ ღონისძიებებს და სამხედრო აღლუმს გეგმავს. არადა, რა ხდება მსოფლიოში, ამას ვერ ვაცნობიერებთ და როდის დაიწყება კიდევ ერთი ტალღა, არავინ იცის. რუსი ჯარისკაცები დაჩქარებულად აცრეს, მაგრამ ოსურ ბატალიონებში ვაქცინა ჯერ არ შეუტანიათ, ამიტომ ასეთ თავყრილობებზე ვირუსის გავრცელების საფრთხე დიდია, ჩვენ კი ყველა სიფრთხილის ზომა დავივიწყეთ“.

დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში სამხედრო აღლუმს 9 მაისს ჩაატარებენ. მასში მონაწილეობას რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზისა და ოსური შეიარაღებული ძალების დანაყოფები მიიღებენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG