10 მაისს იერუსალიმში ახალი შეტაკებები მოხდა ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. შეტაკებები უკვე მესამე დღეა გრძელდება. მიზეზი გახდა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინური ოჯახების გასახლების საფრთხე.
პალესტინელ მედიკოსთა თანახმად, მინიმუმ 50 ადამიანი მიიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც, როგორც იტყობინებიან, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და სხვა საგნები დაუშინეს.
ძალადობა მოხდა ალ-აქსის მეჩეთის ტერიტორიაზე, რომელიც ისლამის მნიშვნელობით მესამე წმინდა ადგილია.
ექიმების თქმით, ასობით პალესტინელი და ისრაელის 20-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებებში.
პოლიციამ ებრაელებს აღმოსავლეთ იერუსალიმში შესვლა აუკრძალა ისრაელის ყოველწლიური ნაციონალისტური მარშის წინ, რომელსაც მრავალი პალესტინელი პროვოკაციად მიიჩნევს. 10 მაისს ებრაელი ახალგაზრდები იერუსალიმის ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ უბნებში მარშით აღნიშნავენ ხოლმე ისრაელის მიერ 1967 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმის დაკავებას.
დაძაბულობა გამწვავდა 10 მაისისთვის დანიშნული სასამართლო სხდომის წინა პერიოდში. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პალესტინური ოჯახების საქმე. სხდომა გადაიდო ისრაელის გენერალური პროკურორის თხოვნით. ახალი თარიღი უახლოესი 30 დღის განმავლობაში დაინიშნება. 70-ზე მეტი ადამიანი ასაჩივრებს აღმოსავლეთ იერუსალიმიდან მათ გასახლებას და მათ ნაცვლად იქ ებრაელი მოსახლეების შესახლებას.