Accessibility links

site logo site logo

შსს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომელთა მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც", - აცხადებენ უწყებაში.

კანონპროექტის მიხედვით:

  • ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება;
  • 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას;
  • მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შემუშავებული ცვლილებების პროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის", - აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG