Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკს შიდა პატიმრობა შეუფარდა


ვიქტორ მედვედჩუკი
ვიქტორ მედვედჩუკი

კიევის პეჩორსკის რაინულმა სასამართლომ 13 მაისს შიდა პატიმრობა მიუსაჯა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „სიცოცხლისათვის პლატფორმის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც პროკურატურის მიერ ბრალდებულია „სახელმწიფოს ღალატში“

მოსამართლე ვიაჩესლავ პიდპალიმ არ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა, რომ მედვედჩუკისათვის მიესაჯათ პატიმრობა და ალტერნატივის სახით დაკისრებოდა 300 მილიონი ჰრივნის (9 მილიონი ევრო) გადახდა.


დაცვის მხარე საერთოდ მოითხოვდა, რომ ეჭვმიტანილის მიერ არ ყოფილიყო გამოყენებული არავითარი აღკვეთის ზომა. ამასვე მოითხოვდნენ ოპოზიციური „სიცოცხლისათვის პლატფორმის“ დეპუტატები.

ვიქტორ მედვედჩუკმა ბრალდებას პოლიტიკურად მოტვირებული უწოდა და განაცხადა, რომ სახლში ყოფნის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და ინტერვიუების მიცემას.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა შიდა პატიმრობაში 9 ივლისამდე დარჩება.


მედვედჩუკი, კერძოდ, ბრალდებულია ანექსირებული ქერჩის მახლობლად გზისა და ნავთობის მოპოვების საქმეზე რუსეთთან შეთქმულებაში და ასევე რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

საქმეში ფიგურირებს „ვერხოვნა რადის“ კიდევ ერთი დეპუტატი, ტარას კოზაკი, რომელიც ამჟამად რუსეთში უნდა იმყოფებოდეს.

ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. უკანასკნელ წლებში ის არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას ხვდებოდა. მედვედჩუკს პუტინის ნათლიმამას უწოდებენ - რუსეთის პრეზიდენტი მისი ქალიშვილის ნათლია იყო.

ახლახან უკრაინის უშიშროების საბჭომ მედვედჩუკისა და კოზაკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. კერძოდ, ეთერიდან გათიშეს სამი ტელეარხი, რომელთა უკან მედვედჩუკი დგას.

ვიქტორ მედვედჩუკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს 12 მაისს „უკრაინის შიდა საქმე“ უწოდა რუსეთის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესებში, უკრაინის ამ შიდა საქმეში ჩარევას, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამის უკან არ დგას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაღაც კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა პესკოვმა 12 მაისს.

XS
SM
MD
LG