Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ელჩი: ძნელია პროგნოზირება იმისა, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი


რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში
რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს უჭირს იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან გამოთქვა იმედი, რომ ეს მალე იქნება. მისი შეფასებით, „ჰამასი“ გაჩერდება მაშინ, როდესაც პალესტინელებისგან მხარდაჭერას ვეღარ იგრძნობს:

„ჰამასთან“ წინა სამი ომის გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ წყნარდება სიტუაცია, როდესაც „ჰამასი“ მიიღებს საკმარის ზიანს, საკმარის დარტყმას, როდესაც ის მზად იქნება კომპრომისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დიდი ზიანი მოგვადგა, ისრაელი გაცილებით ძლიერია, ვიდრე „ჰამასი“ და პალესტინის მხარე მეტად ზარალდება ხოლმე მსგავსი კონფლიქტების დროს. ასე რომ, როდესაც „ ჰამასი“ ნამდვილად იგრძნობს, რომ მას აღარ აქვს პალესტინელების მხარდაჭერა, რადგან სწორედ მის გამო ხდება მათი დაზიანება, მაშინ გაჩერდება. უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო მედიაცია, რომელსაც სათავეში უდგას ეგვიპტე, ისევე როგორც წინა სამი ომის დროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპრომისი და შეთანხმება დადგება მალე“, - აღნიშნა რან გიდორმა „დილის საუბრებში“.

ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს განაგრძობენ „ჰამასი“ და პალესტინელთა სხვა შეიარაღებული ფორმირებები.

ისრაელის არმია ღაზის სექტორზე შეტევას განაგრძობს. სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები, თუმცა, მედიასაშუალებები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ კვირაში ღაზის სექტორიდან ნასროლია 1750-ზე მეტი რაკეტა, დაღუპულია 7 და დაჭრილია 523-ზე მეტი ადამიანი. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, ჰოსპიტალსა და ავტობუსს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში განადგურებულია 650-ზე მეტი "ტერორისტული სამიზნე" და მოკლულია "ჰამასის" და "ისლამური ჯიჰადის" 100-ზე მეტი წევრი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებმა იმსხვერპლა სამოქალაქო პირებიც, მათ შორის - ოცამდე ბავშვი.

ისრაელის არმიის და "ჰამასისა" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდის და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.

XS
SM
MD
LG