Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმის თქმა გინდათ, რომ მელაშვილი ქართული მხარის ინტერესებს იცავდა? - როგორ მისცა პროკურატურის მოწმემ ჩვენებები მისი ვერსიის წინააღმდეგ


"კარტოგრაფების საქმის" სასამართლო განხილვა გრძელდება. დღეს "კარტოგრაფების საქმის" კიდევ ერთი მოწმე, 2005 წელს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ გუმბარიძე დაიკითხა. როგორც მან თქვა, ის საზღვრის დადგენის შინაარსობრივ ნაწილში ჩართული არ ყოფილა და ოქმებზე მისი ხელმოწერა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ საკითხი, რომელიც დოკუმენტშია აღწერილი, გადაწყდა.

მოწმე სასამართლოზე პროკურატურის მოთხოვნით მივიდა, თუმცა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩვენებები ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასარგებლოდ მისცა. ეს არის ფრაგმენტი სასამართლოში გამართული დაკითხვიდან სადაც პროკურატურის მოწმე ყვება როგორ გადაწყვიტეს კარტოგრაფებმა რამდენიმე სადაო საკითხი საქართველოს სასარგებლოდ.

პროკურორი: 2005-2007 წლის ოქმებში ფიქსირდებიან ბრალდებულები. თუ გახსენდებათ თქვენ ამ ბრალდებულების როლი. რა შეგიძლიათ გაიხსენოთ მათი მონაწილეობის შესახებ?

მოწმე: კიდევ ვიმეორებ თუ თქვენ ამ ოქმებს მაჩვენებთ, იქ წერია, რომ საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ბატონი ივერი. ბატონი ივერი თავისი პოზიციებიდან, მე როგორც ვხვდები, მაქსიმალურად ცდილობდა, იმ პოზიციების დაფიქსირებას, რომელიც იყო და მე არ დაგიმალავთ და ჩემი იქ მონაწილეობით, მუდამ იყო მაქსიმალური მცდელობა იმ პოზიციების დადასატურებისა და გამართლებისა, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდა.

მოსამართლე: ანუ იცავდა ქართული მხარის ინტერესებს, ამას ამბობთ?

მოწმე: თავისთავად...

...

პროკურორი: თქვენსა და აზერბაიჯანის შესაბამის კომისიის წარმომადგენელს შორის კონკრეტულ მონაკვეთების განხილვა (შეიძლება არაფორმალურ დონეზე) გახსენდებათ?

მოწმე: 13 წლის განმავლობაში უამრავი საუბარი მქონია და მათ შორის მსგავსი... თქვენ წარმოიდგინეთ არაოფიციალურ საუბრებში მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე ოფიციალურში. იმიტომ, რომ ოფიციალური მაინც ოფიციალურია.

აზერბაიჯანულ მხარეს თავისი პოზიცია ჰქონდა წითელ ხიდთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულ მხარეს თავისი პოზიცია ჰქონდა ერის იმედთან; რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია ჰქონდა გარეჯის უბანთან.

პროკურორი: უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, თუ რა?

მოწმე: დიდი უკმაყოფილება ალბათ თავისი კომისიის წევრების მიმართ იყო, როცა წითელ ხიდზე, როგორც ეგენი თვლიან, ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტეთ.

პროკურორი: მაშინ ჰქონდათ უკმაყოფილება აზერბაიჯანის მხარეს?

მოწმე: იმდენად უკმაყოფილება იყო, რომ საზღვარზე შეტაკებაც კი მოხდა... ჩვენი გამშვები პუნქტიც კი დაწვეს... აზერბაიჯანის მხარეს ჰქონდა პოზიცია, რომ თითქოს საზღვარი ხრამზე უნდა წასულიყო, ჩვენ დავუმტკიცეთ, კომისიამ დაუმტკიცა და შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ თავის უარყოფითად [წამგებიან გადაწყეტილებად] ჩათვალა…

თითქმის ერთსაათიანი დაკითხვის დროს კითხვების დიდი ნაწილი პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დასვა. მისი მიზანი იყო დაედგინა, რა ბრალეულობა შეიძლება ჰქონოდა ილიჩოვასა და მელაშვილს, თუმცა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩის, ზურაბ გუმბარიძის მონათხრობიდან საპირისპირო აზრი გამყარდა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა იმ დროს კომისიის წევრი, რუსუდან ტუშური და საგანგებო დავალებათა ელჩი, გელა დუმბაძეც, რომელიც საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რამდენიმე სხდომას დაესწრო. აქამდე ამ საქმეზე მხოლოდ ერთი მოწმეა დაკითხული.

"კარტოგრაფების საქმის" არსებითი განხილვა სასამართლოში 2 მარტს დაიწყო. შემდეგი სხდომა 18 ივნისსა ჩანიშნული. არც ერთი ბრალდებული ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქმის არსებით განხილვამდე თითქმის 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში.

"კარტოგრაფების საქმეზე" გამოძიება 2020 წლის ზაფხულის მიწურულს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრია. საქმეს სასამართლოში არაერთ პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებული მოსამართლე, დალი მეტრეველი განიხილავს. პროკურატურა კი ამ დრომდე იძიებს, ვისი დავალებით მოქმედებდნენ საქმის ბრალდებულები ქვეყნის საზიანოდ.

XS
SM
MD
LG