Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან გათავისუფლებულ ალან ჯაფარიძეს ჯარიმის ნაცვლად პირობითი მსჯავრი დაუნიშნეს


14 მაისს საღამოს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია 10 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შესახებ. 45 წლის ალან ჯაფარიძე ცხინვალის ციხეში 4 თვის განმავლობაში იყო პატიმრობაში, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ცხინვალის სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და მას პირობით მსჯავრად 1 წელი განუსაზღვრა. ჯაფარიძე 14 მაისს ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა.

„[დაკავების] ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა“, - აცხადებს სუს-ი.

ბოლო დროს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიდგომა შეცვალა. დე ფაქტო სასამართლო ადმინისტრაციული ჯარიმის ნაცვლად უკვე სისხლის სამართლებრივ მექანიზმს იყენებს, დაკავებულებს ერთწლიან პატიმრობას უსჯის, თუმცა ჯარიმის გადახდის გარეშე, პირობითი მსჯავრით ათავისუფლებს.

ასე მოხდა რამაზ ბეღელურის შემთხვევაშიც, რომელსაც ე.წ საზღვარი არაერთხელ ჰქონდა დარღვეული. მან ცხინვალის ციხეში ორი თვე გაატარა. საბოლოოდ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი დაუნიშნეს და გაათავისუფლეს. ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2020 წლის ზაფხულში დააკავეს. ხეთერელი ამ ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG