Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა პროპაგანდისტული მიზნისთვის გამოიყენა კონტრაბანდისტის დაკავება


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა „საქართველოსთან საზღვარზე“ სიგარეტის გადატანის მცდელობა აღკვეთეს. 200 ათასი რუბლის (დაახლოებით 9 ათასი ლარი) "Manchester"-ის მარკის სიგარეტი, როგორც ნივთმტკიცება ამოღებულია. დე ფაქტო კა-გე-ბე-ს ცნობით, კანონდარღვევა მოხდა ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ოკუპირებული სოფელი ხელჩუა ქართულ სოფელ გუგუტიანთკარს ესაზღვრება. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება და ამოღებული სიგარეტის კონფისკაცია მოხდება. დე ფაქტო კა-გე-ბე-მ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენაიმ კონტრაბანდისტის დაკავება, რომელიც სიგარეტის შემოტანას ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა. მათი განცხადებით, „კონტრაბანდის ტრანზიტს საქართველოს სპეცსამსახურები აკონტროლებენ და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ამ საქმიანობაში ახალისებენ და ხელს უწყობენ. რათა ამ მოქალაქეებმა არაფრად ჩააგდონ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი და რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი შეიტანონ".

დე ფაქტო კა-გე-ბე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციული სასჯელის გარდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც იქნება კანონის დამრღვევი მოქალაქეების მიმართ გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპაციის ხაზზე მუდმივად მავთულხლართებს და ღობეებს აშენებს, ეს მაინც ვერ უშლის ხელს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ ქართულ სოფლებში გადმოიპარონ. თავად კა-გე-ბე-მ აპრილის დაკავებების სტატისტიკა გამოაქვეყნა და ე.წ საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„სასაზღვრო სამსახურმა რესპუბლიკის საზღვრის 42 დამრღვევი დააკავა, მაშინ, როდესაც მარტში იგივე მაჩვენებელი იყო 28", - აღნიშნულია კა-გე-ბე-ს განცხადებაში.

დაკავებულთა შორის 13 პირი ე.წ. საზღვრის დამრღვევია; ხოლო, 29 მოქალაქე - „სასაზღვრო რეჟიმის" დამრღვევი.

„დაკავებული 42 პირიდან 31 ადამიანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 5 მოქალაქე გაძევებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საჯარიმო სანქციის გარეშე, სამი მოქალაქე უკანონო საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილეს", - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე საქართველოს 5 მოქალაქეს დაურღვევია საოკუპაციო გამყოფი ხაზი და ისინი ჯარიმის გადახდის გარეშე გაუთავისუფლებიათ. სხვა შემთხვევებში კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობა. ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ მავთულხლართები ვერ აკავებს ადამიანებს. მხოლოდ გამოვლენილი შემთხვევებიდანაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბევრად მეტი ადამიანი გადმოდის. მათ შორის, უკვე არიან კონტრაბანდისტები, რომლებსაც ხელშემწყობები ქართულ სოფლებშიც ჰყავთ.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, მსგავსი ფაქტი სოფელ ზარდიანთკართანაც აღინიშნა, როცა ოკუპაციის ხაზზე დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ. გარდა ამისა, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მაღაზიებში დახლის ქვეშიდან უკვე იყიდება რუსული აქციზით აღნიშნული, საქართველოსთვის კონტრაბანდული სიგარეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში კონტრაბანდული ჯგუფები უკვე ამუშავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG