Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GDI შსს-ს მოუწოდებს, მყისიერი რეაგირება ჰქონდეს ჰომოფობიურ თავდასხმებზე


GDI, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ეხმაურება 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, ჰქონდეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება სამართალდარღვევის თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტული ინდივიდების ფიზიკურ ხელშეუხებლობას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგსა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (IDAHO), 15-20 მაისის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“ თუმცა, ამის საპირისპიროდ გუშინდელი ინციდენტი მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, სამართალდარღვევის აღკვეთასთან ერთად პასუხი აგებინოს ჰომოფობიურად განწყობილ პირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ღირებულებაა, რომლის ფარგლებშიც არსებობის უფლება, მათ შორის, არადემოკრატიულ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოსაზრებებსაც აქვს. თუმცა მაშინ, როდესაც ამგვარი შეხედულებები გადადის აქტიურ მოქმედებაში და ზიანდება ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობა ან მათი საკუთრება, სახელმწიფოს უჩნდება არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ამგვარი თავდასხმებისგან.

„შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ებრძოლოს ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს/სამართალდარღვევებს, ამავდროულად კი მისცეს ლგბტქ აქტივისტებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია, ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, გურამ ფალავანდიშვილმა 15 მაისს დაარბია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინსტალაციის მონაწილეებსაც.

მიუხედავად ლგბტქი აქტივისტების მოთხოვნისა, სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი შემთხვევის ადგილს დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განარიდეს. ადგილზე იმყოფებოდა მისი რამდენიმე მხარდამჭერიც. მოგვიანებით გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ლგბტქ აქტივისტებზე თავდასხმისა და ინსტალაციის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG