Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ყოფილი მერი თავის გადადგომას გიორგი გახარიას უკავშირებს


გიორგი შენგელია
გიორგი შენგელია

ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია განმარტავს, რას გულისხმობდა „ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში“, რომლის გამოც მერის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როცა მე მოვედი პოლიტიკაში, “ქართული ოცნების” გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მომიწია მე მუშაობა. მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით განხორციელდა ის მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალიტეტში, რომლითაც დღეს ბევრი ზუგდიდელი ამაყობს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არცერთი მხარის დაკავება, ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას” და გიორგი გახარიას მოსალოდნელ პარტიას, მათთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ადამიანურად ჩემთვის არ იქნებოდა სწორი. ამიტომ ჩავთვალე, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან”, - განაცხადა შენგელიამ ზუგდიდში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი შენგელიას თანახმად, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას წინ არ უძღოდა კონსულტაციები არც მმართველ გუნდსა და არც გიორგი გახარიასთან.

ზუგდიდის გადამდგარი მერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილავს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. თუმცა, ჟურნალისტების შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა სამომავლოდ „გახარიას გუნდში” გაერთიანებას, უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია და ყოველთვის იქნება იქ, სადაც ქართველ ხალხს დასჭირდება.

გიორგი შენგელიამ ზუგდიდელებს დღეს დილით, ფეისბუკით აცნობა, რომ მერის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის თანამდებობას იკავებდა 2019 წლის ივნისიდან. 2019 წლის მაისში ჩატარებულ, მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაამარცხა.

ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში, პოსტი კონკრეტული მიზეზის დაუსახელებლად დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG