კოპენჰაგენში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეხვედრა გამართა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან. ბლინკენი დიპლომატიურ ტურნეს მართავს, რომელიც მოიცავს ისლანდიაში არქტიკის საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას და მის პირველ პირისპირ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან - მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი იანვარში ჯო ბაიდენი გახდა.
17 მაისს, ფრედერიკსენთან შეხვედრისას, ბლინკენმა "ხაზი გაუსვა საერთო მიზნებისკენ სვლის მნიშვნელობას - კლიმატის კრიზისთან ბრძოლას, მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას და დანიის სამეფოსთან მიმდინარე საერთო ძალისხმევას არქტიკასთან მიმართებით", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს "ნატოს ალიანსის გაძლიერება და თანამშრომლობა სხვა გამოწვევებთან, მათ შორის, ენერგეტიკის უსაფრთხოებასთან მიმართებით".
17 მაისს ბლინკენი ისლანდიაში გაემგზავრება, ქვეყნის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებისთვის და რვა წევრისგან შემდგარი არქტიკის საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელიც 19 მაისს დაიწყება.
ლავროვთან შეხვედრა 20 მაისს არის დანიშნული. შეხვედრამდე, ლავროვმა 17 მაისს დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, არ გააკეთონ განაცხადი არქტიკასთან მიმართებით. "უკვე დიდი ხანია ყველასათვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს ჩვენი მიწაა", - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. "ჩვენი პასუხისმგებლობაა არქტიკის ნაპირზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - დასძინა მან.
აპრილში გამოქვეყნებულ აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ მოსკოვი ცდილობს გაზარდოს თავისი ეკონომიკური და სამხედრო ძალა არქტიკაში და სარგებლობს ჩრდილოეთის ამ დიდ რეგიონზე გლობალური დათბობით მოხდენილი გავლენით.
დაწერეთ კომენტარი