Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ არ ჩანს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ძალადობის შეწყვეტის ნიშანი


ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ჩანს ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უარესი ძალადობის შენელების ნიშანი. 18 მაისს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელებს ღაზის სექტორსა და მის გარშემო მიმდინარე ესკალაციაზე, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში სულ მცირე 200 ადამიანი შეეწირა.

17 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ თავი შეიკავა, რომ მოეთხოვა დაზავება. დაძაბულობის შენელებისკენ მიმართული მზარდი საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 17 მაისს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ტერორისტთა ობიექტებზე იერიშები გაგრძელდება“ მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, „რათა ისრაელის მოქალაქეები დაუბრუნდნენ უსაფრთხო და მშვიდ ცხოვრებას“.


სააგენტო „ფრანს პრესის“ თანახმად, წუხელ ისრაელმა განაახლა იერიშები, რომლის დროსაც რამდენიმე შენობას კვლავ დაეცა ჭურვი ქალაქ ღაზაში.

გაეროში შიშობენ, რომ უსაფრთხოების მხრივ შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა იმ ფონზე, როდესაც 38 000 პალესტინელი იქცა იძულებით გადაადგილებულად ღაზაში, ხოლო 2500-მა ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლი.

პალესტინის ოფიციალური სტრუქტურების ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 212-მდე გაიზარდა. ისრაელის დანაკარგი 10 ადამიანს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG