Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენების ამნისტია არ უნდა შეეხოს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და უფლებამოსილების გადამეტებას


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარლამენტს ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარუდგინა.

დოკუმენტი, კერძოდ, მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება და მიზნად ისახავს საერთაშორისო მედიაციით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 1-3 მუხლებზე (წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით).

საია-ს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე.

დოკუმენტი სრულად ნახეთ აქ.

27-28 აპრილს საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლებიც 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს.

ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნეს ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG