Accessibility links

site logo site logo

გაბუნია: საქართველოს აქვს ვაქცინების დონაციის პროგრამებით მიღების კარგი შანსი


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს კარგი შანსი, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზება მოახდინოს დონაციის პროგრამებით როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირიდან.

იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა გაბუნიას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა საქართველო დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აშშ-თან, რომელიც აპირებს მსოფლიოს ქვეყნებს გაუგზავნოს ამერიკული და, ასევე, "ასტრაზენეკას" ვაქცინების, საერთო ჯამში, 80 მილიონი დოზა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია დიპლომატიურ დონეზე თანამშრომლობს როგორც აშშ-თან, ასევე, ევროპულ ქვეყნებთან დონაციისა და ვაქცინების გაზიარების საკითხში: „კონკრეტულად რა წილი შეიძლება საქართველომ მიიღოს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ამაზე დეტალები უნდა დაზუსტდეს“.

15 მარტის შემდეგ საქართველოში აცრილია 93 305 ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით, აცრა შესაძლებელია ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, თუმცა, მხოლოდ 45 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებითვის.

უკვე ამოწურულია ამერიკული „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები(29500), რომლითაც მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იცრებოდნენ.

18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს აცრა შეუძლიათ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით, თუმცა, ამ ეტაპზე ახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ე.წ. სტრატეგიული ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ორგანიზებულად იცრებიან. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია - 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო. აცრა 4 მაისიდან დაიწყო და ვაქცინაციისთვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გამოყოფილი ადგილები საკმაოდ სწრაფად შეივსო.

მომავალი კვირიდან საქართველოში იგეგმება ვაქცინაციის დაწყება კიდევ ერთი ჩინური, „სინოვაკის“ ვაქცინით, რომლის 100 000 დოზა ქვეყანას ჩინეთმა აჩუქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG