Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეიჩელ რიზო: რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს


ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, ამერიკის ხმა

ქვეყნდება მცირედი შემოკლებით

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვა თემებთან ერთად, ალიანსის წევრები "რუსეთის აგრესიულ ქმედებებს" განიხილავენ.

რას უნდა ველოდოთ ამ სამიტისგან? გადადგამს თუ არა მორიგ ნაბიჯს ნატო საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით; როგორი იქნება ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციასთან და სად იქნება საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორის როლი ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ? "ახალი ამერიკული უსაფრთხოების" მკვლევართან, რეიჩელ რიზოსთან, ინტერვიუ ამ თემებზე წარიმართა.

ერთ თვეზე ნაკლები რჩება, ნატოს ბრიუსელის სამიტამდე. უკვე ვნახეთ გენერალური მდივნის განცხადება, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა "რუსეთის აგრესიული ქმედებები" იქნება. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამ სამიტისგან?

რეიჩელ რიზო: ვფიქრობ, რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომ თავიდან განამტკიცოს თავისი მოვალეობები და ერთგულება ნატოს ალიანსისადმი, გასული ტურბულენტური 4 წლის შემდეგ.

იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რამდენიმე თემას განიხილავენ მოკავშირეები და ეს იქნება: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ჩინეთის საკითხი, თუმცა რუსეთის აგრესიული ქმედებები სიის თავში იქნება. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი იქნება განხილვის მთავარი თემა. მოკავშირეები განიხილავენ [რუსი] სამხედროების მიმდინარე მობილიზაციას უკრაინაში, სანქციებს, რომლებიც გასული თვის განმავლობაში ამერიკამ რუსეთს დაუწესა და იმას, თუ რა როლს ითამაშებს ეს პროცესი ურთიერთობების განვითარებაში. ასე რომ მომავალ სამიტზე ძალიან ბევრი რამ იქნება განსახილველი.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა არ მისცეს, როგორც ბევრი ამბობს, რუსული ფაქტორის გამო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია ეს რუსული ფაქტორი ახლა?

რეიჩელ რიზო: ვფიქრობ ეს თემა, სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ბოლო დროს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კულებამ თქვა, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომლებიც დღემდე იმ ლოგიკით ხელმძღვანელობენ, რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ იმ კუთხით, უნდა იყვნენ თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მდივან ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა, რეგიონში ამერიკის ვალდებულებების და ერთგულების ჩვენების ნიშანია. მან თქვა, რომ ამერიკა აქტიურად განიხილავს უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისა და უსაფრთხოებაში დახმარების საკითხებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი ნიშანია.

ვფიქრობ საქართველოსა და უკრაინისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარება და იმ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც ხელს უშლის ამ რეფორმებს, არის გზა ნატოსკენ.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, ნატოს კარი ღიად რჩება. ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ იმას, თუ ვინ შეუერთდება ალიანსს, თავად არიან თავად ნატოს წევრები. რუსეთს არ აქვს იმის გადაწყვეტის უფლება, თუ ვინ შეუერთდება ნატოს და ამის უფლება არც არასდროს ექნება.

თქვენ ენტონი ბლინკენის ვიზიტზე საუბრობდით. ამერიკა ნატოს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. გაძლევთ თუ არა ეს ვიზიტი იმის ნიშანს, რომ მომავალ სამიტზე, შესაძლოა ნატომ რაიმე ნაბიჯი გადადგას უკრაინისკენ და თუ კი, მაშინ რისი მომასწავებელი იქნება ეს საქართველოსთვის?

რეიჩელ რიზო: არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე ალიანსის წევრები უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას მისცემენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, არა მარტო 2014 წელს, არამედ მას შემდეგაც, განსაკუთრებით გასულ თვეში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ალიანსის წევრები ძალიან სერიოზულად განიხილავენ როგორ გააღრმავონ თანამშრომლობა უკრაინასთან, როგორ წარმოუდგენიათ მომავალი ნაბიჯები. ასევე მოველი, რომ გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნატოს კარი ღიაა. ვფიქრობ, საქართველოც ძალიან ახლოს უნდა დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს.

როგორც უკვე ვთქვით, საქართველო და უკრაინა უკვე 13 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან. ამ 13 წლის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნების წინააღმდეგ ვნახეთ სამხედრო, ეკონომიკური, კიბერ და სხვა სახის აგრესია. როგორ ფიქრობთ, რა სიგნალს უგზავნის ეს 13-წლიანი მოლოდინი რუსეთს?

რეიჩელ რიზო: ვფიქრობ, აქ რამდენიმე საკითხია გამოსაყოფი.13-წლიანი მოლოდინის პერიოდი და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ნატო წევრობა საქართველოსა და უკრაინისთვის და ის, რომ გენერალური მდივანი კვლავ ამბობს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა აქვს, რომ ნატოს კარი ღიაა ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ქვეყანა, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა. ასე რომ, ნატო დგამს ნაბიჯებს, რომლითაც გვაჩვენებს, რომ რუსეთს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება იმასთან დაკავშირებით, ვინ შეუერთდება ალიანსს. ვეჭვობ, ამ ორი ქვეყნის მიღება, არ იყო ამბავი, რომელიც კარგად მიიღეს კრემლში. დიდი ალბათობით, საქართველოსა და უკრაინის ამბავსაც ასე მიიღებენ. თუმცა, იმავდროულად, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოკავშირეებმა და ნატომ უნდა მიიღონ. და მხოლოდ საქართველოს და უკრაინაზეა დამოკიდებული გაწევრიანებისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების გატარება. როგორც უკვე ვთქვი, ეს ქვეყნები მუშაობენ ამ ცვლილებებზე. მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ ნატოს კარი ღიად რჩება.

საქართველო და უკრაინა ნატოს უსაფრთხოების კონტრიბუტორები არიან. რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს მაპის და შემდეგ წევრობის მიღების გზაზე?

რეიჩელ რიზო: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინამ და საქართველომ, გასული წლების განმავლობაში ნათლად დაგვანახეს, რომ ისინი სანდო მოკავშირეები არიან უსაფრთხოების საკითხში. ამავდროულად, ამერიკამ, განსაკუთრებით სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ამერიკა უკრაინისა და რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულია.

უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და უკრაინის მხრიდან ამ ვალდებულებების ჩვენება და ვფიქრობ, რომ ნატოს მოკავშირეები, სწორედ ამ საკითხს აკვირდებიან, როდესაც განიხილავენ პოტენციური მოკავშირეების ნატოში მიღებას.

როდესაც უსაფრთხოების თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გკითხოთ ავღანეთის მისიაზეც. მას შემდეგ რაც ნატო-ამერიკის ჯარები დატოვებს ავღანეთს, სად ხედავთ საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორის როლს? დღემდე, საქართველოს ჩართულობა ამ მისიაში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, რა იქნება ახლა?

რეიჩელ რიზო: ვფიქრობ, უფრო დიდი შეკითხვა, რომელიც ახლა ჩნდება ისაა, თუ რა იქნება ნატოს არეალს მიღმა ოპერაციების როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასასრულს მიუახლოვდება. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირებში, მისის დასრულებასთან ერთად, ალიანსი სწორედ ამ თემებს განიხილავს.

აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ერაყის შემთხვევაში, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ნატოს ჩართულობა ამ რეგიონების მისიებში ეს შეკითხვები ისმის და ამაზე მუშაობენ. საქართველო კი, ვფიქრობ, ამ განხილვის ნაწილი იქნება და დარწმუნებული ვარ, მისთვისაც მოინახება როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG