დღეს 5 წელი შესრულდა ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან.
მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა.
საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას ქართულმა სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. კანჯი-ოღლი ინტერპოლით იძებნება.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. ამას წინ უძღოდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ რუსეთის ფედერაციისადმი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი არაერთი უშედეგო მიმართვა, გამოეძიებინათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე.