Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტი პარლამენტში - იქნება თუ არა მომავალი არჩევნები უფრო სანდო და უკეთესი?


„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ითარგმნება და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას, ყველაზე გვიან, 21 მაისს გადაეგზავნება. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ცვლილებები საზაფხულო არდადეგებამდე დამტკიცდეს.

მართალია, ამნისტიის კანონპროექტისგან განსხვავებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციას ალტერნატიული კანონპროექტი არ წარუდგენია, მაგრამ ვენეციის კომისიაში გასაგზავნ პროექტთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები აქვს და, როგორც ჩანს, კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით საპარლამენტო ბრძოლა ისევ გაგრძელდება. რა ცვლილებებია გათვალისწინებული „შარლ მიშელის შეთანხმებით“ განსაზღვრულ კანონპროექტში? რამდენად იძლევა ეს პროცესი 2021 წლის არჩევნების იმგვარად ჩატარების საშუალებას, რომ შედეგებმა ეჭვები არავის გაუჩინოს?

ელექტრონული სისტემები და ხმების გადათვლა

კანონპროექტში არ არის ასახული კონკრეტული მექანიზმები საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხზე, რაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას უკავშირდება. რადიო თავისუფლებას „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, რომ ეს საკითხი ცალკე უნდა გადაწყდეს, კონკრეტულ ტექნიკურ ჯგუფთან შეთანხმებით. თუმცა ელექტრონული სისტემების სრული დანერგვა მომავალი არჩევნებისთვის მაინც ვერ ხერხდება.

„მანქანებსა და სხვა ელექტრონულ ტექნოლოგიებს რაც შეეხება, ხარჯებთანაც არის დაკავშირებული და პილოტირებაც სჭირდება - ყველა უბანზე რომ გვქონდეს და უცებ სადღაც გაჭედოს, მთელი არჩევნები ჩაიშლება“, - გვეუბნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაპარაკია ხმების დათვლის კონტროლის მექანიზმზე, რაც მთელი პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემასა და თითოეული ბიულეტენის კამერაში ახლო ხედით ჩვენებას გულისხმობს.

„შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ჩაწერილი მოთხოვნის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ჩადებულია უბნების 10%-ის ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნა. შალვა პაპუაშვილი გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს მექანიზმი ისედაც ჰქონდა გათვალისწინებული მარტში ინიცირებულ კანონპროექტში და პროცესი შემდეგნაირად წარიმართება:

  • „ყველა ოლქში შეირჩევა 5 უბანი, შემთხვევითი შერჩევის (ე.წ. ლოტოტრონის) პრინციპით და გადაითვლება“;
  • „სულ გვაქვს 73 ოლქი და 73 გამრავლებული 5-ზე გამოდის 365 უბანი“;
  • „ადგილობრივ არჩევნებზე იქნება 3600-ზე ოდნავ მეტი უბანი და ე.ი. ხმების გადათვლა უბნების 10% გამოდის ზუსტად“.

და რა მოხდება იმ უბნების შემთხვევაში, სადაც დარღვევები გამოვლინდება და საჩივრები დაიწერება?

„დარღვევები თუ გამოვლინდა უბნებზე, დამატებით ეს უბნებიც გადაითვლება შესაბამისი წესით“, - გვეუბნება პაპუაშვილი და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ასევე ამატებს, რომ - თუკი ადრე „საოლქო კომისიის თავმჯდომარე ან ცესკო იღებდა გადაწყვეტილებას საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ. ახლა კომისია კოლეგიალური პრინციპით მიიღებს“.

ბიულეტენების გადათვლა ერთ-ერთი ის პრობლემური საკითხია, რომელითაც უკმაყოფილოა ოპოზიცია. ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დეპუტატი შალვა შავგულიძე გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა ოპოზიციის წინადადებას - „გადათვლის საფუძვლად მიჩნეულ იქნას ბალანსის არარსებობა შემაჯამებელ ოქმებში“.

დაუბალანსებელი ოქმები წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდში.

„ადრინდელი კანონმდებლობით, ასეთი უბნების შედეგები სრულად ბათილდებოდა. ახლა ასე არ არის, მაგრამ იმ დონის დარღვევად ხომ მაინც უნდა მივიჩნიოთ, რომ ხელახლა გადავთვალოთ ასეთი უბნების შედეგები?

კატეგორიული უარი გვითხრა "ქართულმა ოცნებამ". ამბობდნენ, რომ ასეთი შემთხვევა შეიძლება მრავალი იყოსო, ზოგი იმას მოითხოვს, ზოგი ამას და ეს პოლიტიკურ დუღილს, დაპირისპირებას გამოიწვევსო... ასეთი შემთხვევები არის მართლაც მრავალი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი შავგულიძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო ჯგუფის მუშაობაში.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით კი, დაუბალანსებელ ოქმებთან დაკავშირებით, ახალ პროექტში ჩადებულია მექანიზმი - შესწორების ოქმებთან დაკავშირებით და პროცესი გადათვლასაც გულისხმობს:

„ახლა რაც იყო - შესწორების ოქმები რომ დგებოდა ახსნა-განმარტებით, ეგ აღარ იქნება. საოლქო კომისიას შეეძლო დაებარებინა საუბნო კომისიის წარმომადგენელი და ის თუ ეტყოდა - უი, შემეშალა, 5-ის ნაცვლად 4 უნდა ეწეროსო, ჩაწერდნენ 4-ს... ამის ნაცვლად, ახლა, უბანი თუ დაიხურება, შესწორების ოქმის შედგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადათვლის შემდეგ“.

კომისიების დაკომპლექტება და ცესკოს თავმჯდომარე

ახალი პროექტის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება. „შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი“ უნდა ყოფილიყო და ეს პროექტშიც ასეა.

მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს შემადგენლობა მთლიანად არ იცვლება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა გვითხრა:

  • „კომისიაში დარჩება პროფესიული ნიშნით დანიშნული 6 ძველი წევრი, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ჩათვლით“;
  • „პროფესიულებს დაემატება 2 ახალი წევრი და კომისიას ასევე დაემატება კიდევ 9 ახალი პარტიული წევრი“;
  • „თუ ჩავთვლით, რომ "ქართული ოცნება" ამჟამად არსებული სამიდან ერთ პარტიულ წევრს დატოვებს, ცესკოში სრულიად ახალი 10 წევრი შევა და ეს ფაქტობრივად ახალი ცესკოა - 17-დან 10 წევრი ახალი იქნება“.

იგივე პროპორცია იქნება საოლქო და საუბნო კომისიებში. ცესკოს პროფესიული ნიშნით შესარჩევ წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს და ასევე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ცესკოს თავმჯდომარე.

  • ახალი კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარესა და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს პარლამენტი ამტკიცებს დეპუტატების ხმების 2/3-ით (100 დეპუტატი);
  • თუკი ეს არ მოხერხდება, შემდეგ მცდელობებზე საჭირო ხმების რაოდენობა თანდათან იკლებს - „ხმების უბრალო უმრავლესობამდე“.
  • პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები ხმებით დამტკიცებული პირების უფლებამოსილება 6 თვით შემოიფარგლება.

20 მაისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმება“ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პოზიციას არ შეეხებოდა, თუმცა ახლა „თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება“.

ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა შავგულიძე გვეუბნება, რომ ცესკოს შემადგენლობაში ძველი პროფესიული წევრების და მათ შორის - თამარ ჟვანიას დატოვება ქმნის საფრთხეს, რომ ამომრჩევლებს ისევ არ ექნებათ ნდობა მომავალი არჩევნების შედეგების მიმართ.

მისი შეფასებით, კომისიის სრული განახლება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და „არაორდინარულ სიტუაციაში“ ეს შესაძლებელია.

„თუკი ჩვენ "ამბიციურ საარჩევნო რეფორმაზე" ვლაპარაკობთ, როგორც ეს "მიშელის დოკუმენტშია" და არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდა გვინდა, მთელი კომისია უნდა შეიცვალოს. საზოგადოებას არა აქვს ნდობა არჩევნების მიმართ და ცესკოს შემადგენლობის ერთი ნაწილი, თავის თავმჯდომარესთან ერთად, თუ ისევ ადგილზე დარჩა, როგორ გინდათ, რომ მათი ნდობა გაიზარდოს“, - გვეუბნება შალვა შავგულიძე.

ნდობა

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უკეთესი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, თუმცა პოლიტიკოსებმა მეტი უნდა იფიქრონ არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდაზე.

„აუცილებელია, რომ პარტიები კეთილსინდისიერად მიუდგნენ ამ პროცესს, ცესკოს პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები მიუკერძოებელი პირები იყვნენ და ისინი პარლამენტმა ხმების 2/3-ით დაამტკიცოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე, რომ ნდობა ამაღლდეს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო პროცესის მიმართ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფში.

თუმცა „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ არჩევნების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა არ არსებობს.

„31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ საზოგადოება, საბოლოო ჯამში, უყურებს არა აღქმებს, არამედ ფაქტებს... ოპოზიცია შეეცადა, რომ აღქმები შეექმნა - რომ თითქოს ეს იყო გაყალბებული არჩევნები... მაგრამ მან საზოგადოება ვერ აიყოლია ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ... დარჩა ოპოზიცია ამ თავის აღქმებში.

ოპოზიციას სურს იმ აღქმის დამკვიდრება, რომ თითქოს საქართველოში არჩევნებს არ ენდობიან. მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერცერთ საპროტესტო აქციაზე ვერ შეკრიბეს კრიტიკული რაოდენობა ამომრჩევლებისა. არჩევნებს რომ ენდობა, ხალხი იმიტომ არ გამოვიდა ოპოზიციის აქციებზე“, - გვეუბნება მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი.

და თუკი ნდობაც არის და პრობლემებიც არ არსებობდა არჩევნების პროცესში, მაშინ რატომ დასჭირდათ მედიატორებს ამხელა ძალისხმევა და რატომ შედგა „შარლ მიშელის შეთანხმება“, რომელიც „ამბიციურ საარჩევნო რეფორმას“ გულისხმობს?

რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ეს იყო პროცესი, მათ შორის - პროცესი შეთანხმებისა“ და „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, ადგილი აღქმებისთვისაც კი აღარ დატოვოს. დეპუტატი ასევე ფიქრობს, რომ „გარკვეულწილად ოპოზიციამ მოახერხა ის, რომ მედიურად შექმნა სურათი, რომ თითქოს იყო დიდი დარღვევები და ასე შემდეგ“ და რომ შემაჯამებელ ოქმებში „ეს დისბალანსი იყო ყველა არჩევნებზე“.

არჩევნების მიმართ ნდობის შესახებ განსხვავებული მიდგომა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს.

მაგალითად, „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ვკითხულობთ, რომ „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება“.

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ გაბუქებულია აღქმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით და, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბოლო ანგარიშში ასახული ფაქტები მათ შემაშფოთებლად სულაც არ მიაჩნიათ.

თუმცა ასე არ ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. „ვერ დავეთანხმები, რომ განსაკუთრებული პრობლემა არ იყო“, - გვეუბნება ლევან ნატროშვილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალი არჩევნები ამ მხრივ უკეთესი ვერ იქნება, რადგან პრობლემის გამოსწორებას ბევრად მეტი დრო სჭირდება.

მიღწეულით გარკვეულწილად კმაყოფილია, თუმცა არჩევნების მიმართ ნდობის აღდგენის კუთხით, ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ სხვა არაერთი პრეტენზია აქვს და იმდენად, რომ დეპუტატ შალვა შავგულიძეს ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენის იდეაც ჰქონდა. თუმცა, როგორც ის გვეუბნება, ბოლოს, დასავლელი პარტნიორების მიმართ პატივისცემის ნიშნად, ეს ნაბიჯი აღარ გადაიდგა.

სამაგიეროდ, ოპოზიცია აპირებს, რომ მეტის მისაღწევად გააგრძელოს ბრძოლა საპარლამენტო განხილვების პროცესში. დრო კი ბევრი აღარ არის.

როგორც შალვა პაპუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით საზაფხულო არდადეგებამდე, 21 ივნისის კვირაში დაამტკიცებს.
  • პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით მანამდე დაამტკიცებს, ვიდრე ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიიღებს.

„პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დარჩენილი აქვს 3 სასესიო კვირა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ სამი მოსმენით მივიღოთ ეს ცვლილებები. პირველი სასესიო კვირა უწევს მომავალ კვირაში. მომავალ კვირაში სესიაზე პირველი მოსმენით მივიღებთ. მეორე მოსმენა უწევს 7 ივნისის კვირაში.

ვენეციის კომისიას მივმართავთ თხოვნით, რომ დაჩქარებულად განიხილოს. ვენეციის კომისიას ექნება სადღაც 3 კვირა, რომ დასკვნა წარმოადგინოს და იმედი გვაქვს, 7 ივნისამდე იქნება მათი დასკვნა, რომ მეორე მოსმენის წინ იყოს უკვე“, - გვეუბნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG