Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველებისთვის


დღეს, 12:00 საათიდან საქართველოში დაიწყო კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო, ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე booking.moh.gov.ge. დარეგისტრირება შეუძლიათ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს. აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „სინოვაკი“ ტრადიციული მეთოდით, ინაქტივრებული ვირუსის გამოყენებით შექმნილი ვაქცინაა და მისი 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

„სინოვაკის“ ვაქცინას, მეორე ჩინური ვაქცინის, „სინოფარმისგან“ განსხვავებით ჯერჯერობით არ აქვს ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. თუმცა, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „სინოვაკი“ დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის(The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ და ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა.

საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო აპრილის ბოლოს. იმუნიზაციის საბჭომ „სინოვაკით“ აცრის დაწყებას მხარი 11 მაისს დაუჭირა. ამ ვაქცინამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საშუალოდ 50-54%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, პირველ ეტაპზე ამერიკული „ფაიზერის“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. მათ მაისის დასაწყისიდან დაემატა ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა. "ფაიზერის" და "სინოფარმის" ვაქცინებით აცრის ახალი მსურველები ჯერჯერობით ვეღარ დარეგისტრირდებიან, რადგან არსებული დოზები ან ამოწურული, ან უკვე განაწილებულია.

21 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 105 500 ადამიანი. მათგან სრულად, ორივე დოზით - 16 147.

საქართველო ივნისში ელოდება „სინოფარმის“ 600 000-მდე ახალ დოზას. მათგან 100 000 „წითელმა ჯვარმა“ უნდა შემოიტანოს, 500 000-ს კი სახელმწიფო ყიდულობს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველომ ზაფხულში უნდა მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG