Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: კლანი დემონსტრაციული ნაბიჯებით გამოირჩევა


ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო კლანი დემონსტრაციული ნაბიჯებით გამოირჩევა და მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევაც ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსალოდნელი არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო კლანი თადარიგს იჭერს და საბჭოში 4 მოსამართლე წევრის უფლებამოსილების ამოწურვამდე 29 დღით ადრე აპირებს მათი ადგილმონაცვლეების არჩევას.

„ესეც დემონსტრაციული ნაბიჯია, რომ არ მაინტერესებს თქვენ რაზე შეთანხმდით, არ მაინტერესებს, ვინ რაზე მუშაობს, ამ დროს არანაირ რეფორმაზე ინტენსიური მუშაობა არ დაწყებულა და კანონში მიწერია, რომ მე შემიძლია 30 დღით ადრე კონფერენცია ჩავატარო და ატარებენ 29 დღით ადრე. ანუ ამას ვამბობ, რომ დემოკრატიულობას თამაშობენ. დემოკრატიულია ვითომ, რომ წინასწარ უნდა იყოს არჩეული კონფერენციის მიერ, თადარიგი დაიჭირონ, რომ სასამართლო სისტემა არ შეფერხდეს და ასე შემდეგ და ამ არგუმენტებს იტყვიან“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ სასამართლოს კლანი სწორედ ერთიანობით აღწევს მიზნებს და ამის საპირისპიროდ საზოგადოების ერთიანობაა აუცილებელი.

„ამ წლების განმავლობაში, მე რაც დავინახე, იქით, კლანის სათავეში დგას 15-20 ადამიანი და ახერხებს გააერთიანოს დაახლოებით 250-280 მოსამართლე, რომლებიც ძირითადად მხარს უჭერენ კონფერენციაზე. აქედან გამომდინარე ვმსჯელობ მე და ამ ციფრებიდან გამომდინარე. აქეთაც უნდა მოხერხდეს, აქეთ მხარესაც უნდა მოხერხდეს ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. იდეა არსებობს, რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ როგორ, ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და რაღაცა ისეთი რეცეპტები არ დავდოთ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ ზიანს მოგვაყენებენ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო საჭიროა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკოსების გაერთიანება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა 29-ე რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა საბჭოს იმ 4 მოსამართლე წევრის ადგილმონაცვლეების შერჩევის საკითხიც, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურებათ. ესენი არიან დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების ნაწილი მოითხოვენ, შეჩერდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის არჩევის საკითხი მანამ, სანამ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად არ განხორციელდება მართლმსაჯულების რეფორმა. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, დაჩქარებული წესით შეიმუშაოს და მიიღოს „საერთო სასამართლოების“ შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი. მათ შორის, „ლელომ“ 19 მაისს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში, ივნისში, 4 მოსამართლე წევრთან ერთად ეწურება 5 არამოსამართლე წევრსაც. მათ შორისაა ნაზი ჯანეზაშვილიც.

XS
SM
MD
LG