Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გამოცდის ისრაელში შექმნილ COVID-ის საწინააღმდეგო პრეპარატს


„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება“, - ეს სიტყვები ეკუთვნის თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელს, COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს, ნადირ არბერს, რომელიც 20 მაისს თბილისში იმყოფებოდა და ქართველ კოლეგებსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.

ნადირ არბერმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატმა EXO-CD24-მა კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შემდეგ წარმატებული შედეგი აჩვენა და იმ 30 საშუალო და მძიმე პაციენტიდან, რომლებსაც პრეპარატით უმკურნალეს, 29-მ კლინიკა 3-5 დღეში დატოვა. 30-ე პაციენტიც გამოჯანმრთელდა, თუმცა, მისი გამოჯანმრთელების პროცესი შედარებით დიდხანს გაგრძელდა.

თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, რომ პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ნოვატორულ ნაერთს, ეფუძნება გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს და მისი შესუნთქვა პირდაპირ ფილტვებში ხდება, რათა მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში არ განვითარდეს COVID-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური შტორმი.

კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება დისტრესსინდრომია, რაც იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქციას, ციტოკინურ შტორმს. ციტოკინური შტორმისას, პირველ რიგში, ფილტვები ზიანდება. ფილტვებთან ერთად დარტყმას იღებენ სხვა ორგანოებიც. პრეპარატის შემქმნელი მეცნიერები განმარტავენ, რომ მედიკამენტს ცილა CD24 პაციენტის ფილტვებში გადააქვს, რაც ინფიცირებულს იმუნური სისტემის დამშვიდებაში ეხმარება. წამლის მიღება ინჰალაციის საშუალებით ხდება. მკურნალობა 5 დღეს გრძელდება. პაციენტს პრეპარატი დღეში ერთხელ, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიეწოდება.

საქართველო, სავარაუდოდ, კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში ჩაერთვება. ამის შესახებ 21 მაისს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ბევრი დეტალი დასაზუსტებელია, თუმცა, ცნობილია ის, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ჩაერთვება პრეპარატის კლინიკურ კვლევებში:

„ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი კოლეგების ისრაელიდან, რომ საქართველო შეირჩა ერთ-ერთ ქვეყნად, რადგან ეს არის მულტინაციონალური გამოკვლევა, ტარდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ქვეყანა იბრძვის ხოლმე, რომ მოხვდეს მსგავსი ტიპის კვლევებში. ეს გასაგებიცაა, რადგან იმედის მომცემი პრეპარატია, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა თავად ისრაელში კვლევის დროს. მომდევნო ფაზები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ჩატარდება. ყველაფერი გამოქვეყნდება, რა და როგორ. ჯერ მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებებია, ვინ ჩაერთვება, როგორ ჩაერთვება... ერთ-ერთი მონაწილე იქნება ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკვლევებში ჩაერთვება ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკაც. ეს არის ძალიან დიდი დაფასება იმ ქართველი კლინიცისტებისა და მეცნიერებისა, ვისაც შეუძლია ასეთ კვლევებში თანაბარ პარტნიორებად ჩაერთონ სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კვლევა ჩვენთან ჩატარდება, პრეპარატი ჩვენთან ხელმისაწვდომი იქნება და წარმატებით გაივლის კიდევ ერთ ეტაპს, იმისათვის, რომ დამკვიდრდეს კლინიკურ პრაქტიკაში“.

მკვლევართა გუნდი ისრაელიდან საქართველოში „ისრაელის სახლის“ შუამავლობითა და საქართველოს მთავრობის მოწვევით ჩამოვიდა. როგორც „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პარტნიორობის შედეგად, იმ შემთხვევაში, თუკი EXO-CD24 საბოლოოდ დამტკიცდება, როგორც კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მას მიიღებს:

„თუკი არაერთმა ქვეყანამ და, მათ შორის, საქართველომაც დაიგვიანა ვაქცინების მიღების პროცესში, ამ პრეპარატის შემთხვევაში, საქართველო უკვე პირველ ხაზზე აღმოჩნდება. პირველი ქვეყანა, რომელიც ისრაელს პარტნიორობას გაუწევს, ეს არის საბერძნეთი და მეორე ქვეყანა იქნება საქართველო. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროცესის ლობირებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პარტნიორობისა და კვლევებში ჩართვის სურვილს არაერთი ევროპული ქვეყანა გამოთქვამს. საბერძნეთმა ძალიან იაქტიურა, პრემიერის დონეზე გამართეს შეხვედრები და ის გამოკვლევებში პირველი ჩაერთვება. შემდეგ უკვე იქნება საქართველო. იხილოვის ცენტრის ორი წამყვანი დონორი, „ისრაელის სახლის“ საპატიო წევრები არიან, ამიტომ ჩვენ არ გაგვჭირვებია ამ საკითხზე მუშაობა. ნადირ არბერი საქართველოში გამართული შეხვედრით ძალიან კმაყოფილია“.

თელ-ავივში, იხილოვის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს აპრილის მიწურულს გამოეხმაურა ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, პროფესორი ბერტ რიმა, რომელიც მიესალმება მკვლევართა მიღწევებს, თუმცა, ამასთანავე, ის რამდენიმე საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის, ეს არის გამოკვლევების მეორე და მესამე ფაზების აუცილებლობა:

„პირველი ფაზის შედეგები დამაიმედებლად გამოიყურება. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით გამოკვლევის მეორე და მესამე ფაზების შედეგებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ პრეპარატის წარმოება ძალიან ძვირი დაჯდება“.

სტორმონტის ჯანდაცვის დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს:

„დეპარტამენტს კარგად ესმის COVID-19-ის მკურნალობის ახალი მეთოდების მიმართ უდიდესი ინტერესი, თუმცა, ამასთანავე, აუცილებელია, რომ ცვლილებები კლინიკურ პრაქტიკაში, არ დაეფუძნოს მხოლოდ მცირე ტიპის ობსერვაციულ გამოკვლევებს. აუცილებელია ფართომასშტაბიანი, კონტროლირებადი გამოკვლევების ჩატარება იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნები ყველა პოტენციური მკურნალობის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე“.

თავად იხილოვის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი რონი გამზუ დიდ იმედებს ამყარებს პრეპარატზე და ამბობს:

„მიმდინარეობს მრავალმხრივი გამოკვლევები. პირველი ფაზის შედეგები არაჩვეულებრივია და ჩვენში აჩენს იმ მეთოდის რწმენას, რომელსაც ექიმი არბერი მრავალი წელია იკვლევს თავის ლაბორატორიაში“.

როდის ჩაერთვება საქართველო პრეპარატის კლინიკურ კვლევებში? რამდენი პაციენტი მიიღებს გამოკვლევებში მონაწილეობას? რა რაოდენობის პრეპარატი გადმოეცემა საქართველოს? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა, უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაკეთდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელ-ავივში, პრეპარატის კლინიკური გამოკვლევების პირველმა ფაზამ წარმატებული შედეგი აჩვენა, მედიაში მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა ისრაელის ელჩი საქართველოში, რონ გიდორიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG