Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი: ბელარუსში სტუდენტებს აპატიმრებენ და სასწავლებლებიდან რიცხავენ


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი 24 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ ბელარუსში სტუდენტებს აპატიმრებენ და სასწავლებლებიდან რიცხავენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქტივიზმისთვის.

ბელარუსი არეულობამ მოიცვა მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიცია და დასავლეთი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებენ ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას.

ახალ პუბლიკაციაში Amnesty International-ი აღწერს ბელარუსში სტუდენტების მიმართ სასტიკ მოპყრობას და აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიების გავლენას აკადემიურ ცხოვრებაზე.

„სტუდენტებმა და პედაგოგებმა, რომლებიც ბელარუსის მასშტაბით მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში, მიმდინარე აკადემიური წელი დაიწყეს ქვეყანაში, რომელმაც რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა ზაფხულის განმავლობაში. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მათ წინააღმდეგობას არ შეეგუებოდა არც ხელისუფლება და არც ბევრნი უნივერსიტეტების ხელმძღვანელთაგან. 27 ოქტომბერს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ უნივერსიტეტებს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ მოწმე გავხდით საგანგაშო მოვლენისა, რომ უნივერსიტეტები სწორედ ასე მოექცნენ მრავალ სტუდენტს,“ განაცხადა Amnesty International-ის უფროსმა თანამშრომელმა ბელარუსის საკითხებში, აიშა იუნგმა. სტუდენტური პროფკავშირების, ბელარუსის სტუდენტთა ასოციაციის თანახმად, მაისამდე ქვეყანაში 466 სტუდენტი დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG