Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი გამოდის მოწოდებით "საომარი ეკონომიკის" შემოღებისკენ, პანდემიის დასამარცხებლად


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ომშია COVID-19-ის წინააღმდეგ და გამოდის მოწოდებით, ამოქმედდეს საომარი ლოგიკა, რათა გამოსწორდეს უსამართლო უთანასწორობა პანდემიასთან ბრძოლაში საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე.

"ჩვენ საომარი ეკონომიკის ლოგიკა და გადაუდებლობა გვჭირდება, საიმისოდ, რომ ჩვენი შეიარაღების შესაძლებლობები გავზარდოთ", - თქვა მან 24 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ყოველწლიური ასამბლეის გახსნაზე ჟენევაში. გუტერეშმა ილაპარაკა პანდემიის მიერ მოტანილ ტკივილსა და სირთულეებზე - რომ ვირუსს, 2019 წელს ჩინეთში გამოჩენის შემდეგ, ემსხვერპლა 3,4 მილიონზე მეტი ადამიანი და დაიკარგა 500 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი.

"ყველაზე სუსტ პოზიციებზე მყოფი ადამიანები ყველაზე მეტად იტანჯებიან, და ვშიშობ, რომ დასასრული ჯერ კიდევ შორია", - თქვა გუტერეშმა და დასძინა: "სამწუხაროდ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, დავდგებით იმ ვითარების წინაშე, როცა მდიდარი ქვეყნები აცრიან თავიანთი მოსახლეობის უმრავლესობას და გახსნიან თავიანთ ეკონომიკებს, ხოლო ვირუსი, გავრცელებით და მუტაციით, გააგრძელებს მძიმე ტანჯვის გამოწვევას უღარიბეს ქვეყნებში".

WHO-მა და სხვა უწყებებმა აამოქმედეს ვაქცინების განაწილების სქემა, COVAX-ი, მაგრამ მას დაფინანსება არ ყოფნის და საკმარის ვაქცინებს ვერ აწვდის ღარიბ ქვეყნებს. ამ დრომდე, ვაქცინების დოზების მხოლოდ 0,3 პროცენტია გაკეთებული ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებისთვის - რომლებიც გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG