Accessibility links

site logo site logo

IDS-ბორჯომსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა, გაფიცვა დასრულებულია


"IDS ბორჯომის" ქარხნების თანამშრომელთა ცხრადღიანი გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს "IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორმა მერაბ ახმეტელმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.

გიორგი დიასამიძის განმარტებით, კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნების დიდი ნაწილი დააკმაყოფილა. კერძოდ, მხარეთა მიერ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, "IDS ბორჯომი" იღებს ვალდებულებას ხელფასების 20-30 %-ით გაზრდისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების შესახებ. ამავე შეთანხმებაში გაიწერა, რომ კომპანია არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ და შეინარჩუნებს ყველა ამჟამად არსებულ სოციალურ პროექტს.

გიორგი დიასამიძის თანახმად, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის, ღამის საათების დამატებითი ანაზღაურებისა და შრომის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

მხარეები გააგრძელებენ ასევე დიალოგს კოლექტიური შეთანხმების გაფორმების საკითხზე.

შეთანხმება ითვალისწინებს ასევე ანაზღაურების გაანგარიშების სისტემის გადახედვას, ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი დასაქმებული პირების ხელფასების გათანაბრებას და ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში უფლება-მოვალეობების კონკრეტულ გაწერას. გიორგი დიასამიძის თანახმად, კომპანიის მხრიდან არსებობს იმის პირობაც, რომ კომპანიის შიგნით ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭებათ უკვე დასაქმებულ პირებს, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.

თავის მხრივ, "IDS-ბორჯომი საქართველოს" დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა განაცხადა, რომ ბორჯომის ქარხნები მუშაობას ხვალიდან, 27 მაისიდან განაახლებენ:

„როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ ამ ქარხნის ახალი დირექტორი და უკვე ხვალიდან ჩვენ ერთად ყველანი შევალთ ამ ქარხანაში, განვაგრძობთ მუშაობას და განვაგრძობთ საქმიანობას იმ მიმართულებით, რომ ყველა იყოს კმაყოფილი... ამ შეთანხმებას დავიცავთ ძალიან სკრუპულოზურად და გაცილებით უფრო მეტსაც გავაკეთებთ ჩვენი თანამშრომლებისათვის უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ამას შევაფასებთ 2-3 თვეში“, - განაცხადა მერაბ ახმეტელმა, რომელიც თანამდებობაზე 25 მაისს დაინიშნა.

თავის მხრივ, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები 27 მაისიდან სრულად დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. მისივე თქმით, გაფიცვის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, ვინც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დასაქმებულებს.

"IDS ბორჯომის" ქარხნების მუშები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვდნენ.

გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

„არ გინდათ და წადით“ – რატომ გაიფიცნენ „ბორჯომის“ თანამშრომლები
please wait

No media source currently available

0:00 0:07:19 0:00

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG