სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) 27 მაისს საგანგებო შეხვედრას მართავს ბელარუსის მიერ ევროკავშირის ავიარეისისთვის მიმართულების შეცვლისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების განსახილველად, მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა და გაეროს უშიშროების საბჭომ სამოქალაქო ავიაციის უწყებას გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.
ICAO-ს საბჭო იმსჯელებს 23 მაისის ინციდენტზე, რომლის დროსაც ბელარუსის ხელისუფლებამ აიძულა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, გეზი მინსკისკენ შეეცვალა. მინსკის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი.
აშშ-მა და გაეროს უშიშროების საბჭოს დასავლეთევროპელმა წევრებმა ICAO-ს მოუწოდეს, სასწრაფოდ გამოიძიოს ინციდენტი.
უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მათ ინციდენტს „უპრეცედენტო და დაუშვებელი“ უწოდეს და მოითხოვეს, „დამნაშავეებმა სრულად აგონ პასუხი“. მათ ასევე მოუწოდეს ბელარუსს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.
ბელარუსის მიერ თვითმფრინავისთვის გეზის შეცვლა და მინსკში დასმა მკაცრად დაგმო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ. ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა უწყებამ ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტონ ბელარუსის საჰაერო სივრცით სარგებლობა. პოლონეთი იყო ევროკავშირის უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა ბელარუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებს. მანამდე იგივე გააკეთა ლატვიამ.