Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ასათიანი: რიონის ხეობის დამცველები არ გავცდენილვართ კანონით დადგენილ ნორმებს


კახა ასათიანი
კახა ასათიანი

გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე კახა ასათიანი ამბობს, რომ წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. მისი თქმით, გუმათში ამ დროისათვის სიმშვიდეა და აქციის მონაწილეები დაკავებულების ვინაობას არკვევენ.

„რამდენიმე დაკავებულის ვინაობა ვიცით, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არა გვაქვს ჯერ ყველაფერზე“, - განაცხადა კახა ასათიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„ჩვენ მოვითხოვეთ გასვლა ბარიკადების მიღმა, რომელიც, მოგეხსენებათ, უკანონოდ არის აღმართული და უზღუდავს მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გავსულიყავით იქ ხელებაწეული ყოველგვარი ძალადობის გამოწვევის გარეშე. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან მოწოლა და დაკავებები შესაბამისად“, - განაცხადა კახა ასათიანმა. მისი თქმით, სახელმწიფო რეპრესიებს ატარებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რათა კომფორტული პირობები შეუქმნას ჰესის მშენებელ კომპანიას. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებს არ გასცდენიან:

„იქ რაც ხდება, არის სრული მარაზმი, თითქოს რაღაც უსაფრთხოებას იცავენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პროტესტის ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი გადაცდომა არ გვქონია, სავსებით კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით აქამდე და ისევ ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ კიდევ. და აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ თითქოს უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი ტერიტორია. ჩვენ აქამდე არ გავცდენილვართ კანონით დადგენილ ნორმებს და ყველაფერი მიგვყავს მშვიდობიანად“, - აღნიშნა კახა ასათიანმა „დილის საუბრებში“.

პოლიციამ გუმათში 27 მაისის ღამით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე 8 პირი ადმინისტრაცული წესით დააკავა.

დაკავება მოჰყვა „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე მუშტებს აბრახუნებდნენ, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა. იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ხელების მაღლა აწევით სამართალდამცველებს ანიშნეს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, რაზეც უარი მიიღეს.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისიდან, ისე რაჭიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ სპეცტექნიკის და ავტომანქანების შესვლას, რათა კომპანიამ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოს.

27 მაისს, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო გუმათში, „უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების“ დაზიანების ფაქტზე.

„რიონის ხეობის მცველების“ უპირველესი მოთხოვნაა, გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც.

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ქუჩაში პროტესტის ნაცვლად ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატებით საკითხის განხილვამდე რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

XS
SM
MD
LG