Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო საქმიანობის საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" დახურული კენჭისყრით გადაწყვეტს


ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამეტში შესვლა-არშესვლის საკითხს 30 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, დახურული კენჭისყრის გზით გადაწყვეტს. ენმ-ის პოლიტსაბჭოში დაახლოებით 120 წევრია.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა, პოლიტსაბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შექმნილ სიტუაციაში, თავად ის საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების მომხრეა. დეკანოიძე საკუთარ პოზიციას არაერთი არგუმენტით განმარტავს.

„პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ ახალ ვითარებაში [„შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ]. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება პარტიას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე; აუცილებელია საპარლამენტო საქმიანიბის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ და ახლა, როცა პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული, ყველაზე მეტი სადეპუტატო მანდატის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშიც უნდა დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“. ძნელი სათქმელია, რა შედეგით დასრულდება კენჭისყრა და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს“, - გვეუბნება ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგალითად - გიორგი ბარამიძისა და აკაკი მინაშვილის სახით. ბარამიძე მოითხოვდა, რომ ეს საკითხი ფართო ელექტრონული კენჭისყრის გზით, ენმ-ის ამომრჩევლებს გადაეწყვიტათ ისევე, როგორც მოხდა პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის შემთხვევაში.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საპარლამენტო საქმიანობის საკითხს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უყრის კენჭს.

პოლიტსაბჭოს სხდომას წინ უსწრებდა ენმ-ის ლიდერების შეხვედრა ამომრჩევლებთან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნიკა მელიასთან ერთად, რეგიონებში იყვნენ გასული პარტიის სხვა წარმომადგენლები და მათ შორის - ხატია დეკანოიძეც.

„რეგიონებში გამართული შეხვედრების გარდა, ამომრჩეველთა პოზიცია სოციალურ ქსელებშიც იკვეთება. მაგალითად, ჩემი სტატუსის ქვეშ ათასობით კომენტარი დაიწერა. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩეველი რაციონალურად ფიქრობს და დანარჩენს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვნახავთ“, - გვეუბნება ხატია დეკანოიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკმა - „ძალა ერთობაშია“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 36 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. აქედან რამდენიმე მანდატი პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა გამოიყენეს და მათ შორის არის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.

ამჟამად ენმ-ის ბლოკის სათვალავზე კვლავაც რჩება 30-ზე მეტი ჯერჯერობით გამოუყენებელი მანდატი.

საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად მოუწოდებენ ყველაზე მსხვილ და რეიტინგულ ოპოზიციურ ძალას, რომ საპარლამენტო საქმიანობას შეუდგეს.

77-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა მელიამ რუსთავის ციხე 10 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ საპარლამენტო საქმიანობის საკითხი, გუნდთან და ამომრჩევლებთან განხილვის შემდეგ, მაისის ბოლოსთვის გადაწყდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია კიევშიც იმყოფებოდა, პარტიის ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG