Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიებს


ვაშინგტონი წყვეტს ავიამიმოსვლას ბელარუსთან და ამზადებს ახალ სრულმასშტაბიან სანქციებს ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც 3 ივნისს ამოქმედდება.

ამის შესახებ 28 მაისს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა და დასძინა, რომ აშშ ამ ზომებს მიმართავს, რათა „პასუხი აგებინოს რეჟიმს თავისი მოქმედების გამო და დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხის მისწრაფებისადმი“.


ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.

25 მაისს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. სანქციების სიაში შევიდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან.

ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა და, ასევე, შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს.

XS
SM
MD
LG