ბელარუსის რეჟიმის მიერ დაკავებული ჟურნალისტი, ინსტაგრამის არხ Nexta-ს ყოფილი რედაქტორი რამან პრატასევიჩი მინსკში მდებარე უშიშროების იზოლატორშია გადაყვანილი. მანამდე პოლიტპატიმარი მინსკში, ვოლოდარსკის ქუჩაზე მდებარე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.
23 მაისს პრატასევიჩთან ერთად დაკავებული მისი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა, ასევე ბელარუსის უშიშროების სამსახურის საპყრობილეში იმყოფება.
პრატასევიჩის დამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იზოლატორის ხელმძღვანელობამ ძმისთვის ამანათის გადაცემის უფლება დართო, მაგრამ უარი უთხრა წიგნის შეგზავნაზე.
მანამდე 24 მაისის საღამოს ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრატასევიჩი ამბობს, რომ იმყოფება მინსკის ნომერ პირველ იზოლატორში, მას კორექტულად ექცევიან, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს.
მოგვიანებით რამან პრატასევჩის ადვოკატმა, ინესა ალენსკაიამაც დაადასტურა, რომ პოლიტპატიმარი კარგად არის, მიუხედავად იმისა, რომ გაუთქმელობის ვალდებულების გამო, ვერ შეძლო დეტალებზე საუბარი.
თუმცა, პრატასევიჩის მშობლები დარწმუნებული არიან, რომ ციხეში მათ შვილს აწამებენ, რის გამოც დახმარებისათვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს.
ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.
25 მაისს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. სანქციების სიაში შევიდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან.
ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა და, ასევე, შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს.
ყველაზე პოპულარული
1