რუსეთში დაფუძნებული საინფორმაციო საიტი, NEWSru, აცხადებს, რომ იხურება, და ამის მიზეზად ასახელებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ "პოლიტიკურ სიტუაციას", რომელმაც საიტის მუშაობა ეკონომიკურად გახადა შეუძლებელი, რადგან რეკლამის დამკვეთები თავს არიდებენ დამოუკიდებელ საინფორმაციო წყაროებს.
NEWSru, რომელიც ბოლო წლებში ძირითადად ახალი ამბების თავმოყრის ფორმით ფუნქციონირებდა, 31 მაისის განცხადებაში ამბობს, რომ წესები, რომლებიც რუსეთის მედიას ავალდებულებს შესაბამისი წარწერა გაუკეთოს ყველას, ვისაც სახელმწიფო "ექსტრემისტებად" ან "უცხოეთის აგენტებად" მიიჩნევს, სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს მედიასაშუალების სიტუაციაზე.
"ჩვენ მუშაობას ვაჩერებთ ეკონომიკური მიზეზებით, მაგრამ ისინი გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით", - ამბობს მოსკოვში განთავსებული რედაქცია თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
NEWSru-მა მუშაობა დაიწყო 2000 წელს, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში პირველი ვადის აღსრულებას შეუდგა. მედიასაშუალების თქმით, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა შვიდი წლის წინ, როცა დრამატულად შეიცვალა როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ისე შიდა ეკონომიკური სტრუქტურა. 2014 წელს მოსკოვმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ყირიმის ანექსირება და რამდენიმე კვირაში უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო პრომოსკოვურად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერა, მიმდინარე კონფლიქტში, რომელსაც 13,200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.