პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მკაცრდება მძღოლის პასუხისმგებლობა, თუ ის საჭესთან ნასვამი ზის.
ახალი კანონმდებლობით, თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს, ან თავს არიდებს შემოწმებას სიმთვრალეზე, მას მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ უკვე 1 წლით შეუჩერდება.
რა ხდება, თუ იგივე დარღვევა გამეორდა მაშინ, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს?
ამ შემთხვევაში დღეს ერთი წლით მართვის უფლების შეჩერება და 700-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, ახალი კანონპროექტით, ერთწლიანი ვადა ძალაში რჩება, 700-ლარიანი ჯარიმა კი 2000 ლარამდე იზრდება, ასევე ამას ემატება 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.
მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ამ სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარით, ნაცვლად 300 ლარისა.
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მისთვის, ვინც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ახლანდელი 1000 ლარისა.
„საქართველოში ავარიების თითქმის 20%-ის მიზეზი მძღოლის ნასვამი მდგომარეობაა“, - ამბობს ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია. მას იმედი აქვს, რომ კანონის გამკაცრება სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს.
კანონპროექტი პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შეიტანეს. ამ კანონპროექტის თანახმად ცვლილებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლში. ცვლილებების მისაღებად კანონპროექტი საკომიტეტო და საპარლამენტო სხდომებზე უნდა განიხილონ.
დაწერეთ კომენტარი