Accessibility links

site logo site logo

დენის შმიგალი: ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის და საქართველოს შესვლა მხოლოდ დროის საკითხია


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალ და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო და უკრაინა არიან მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საერთო გამოწვევები და ინტერესები. ამის შესახებ თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს და უკრაინას აქვთ ისეთი საერთო გამოწვევები და პრობლემები, როგორიცაა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტივობების გამო და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაუდასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ევროკავშირისკენ, რადგან ორივე ქვეყანას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი უწოდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ 17 მაისს ხელმოწერილ მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ.

საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორივე ქვეყანა მოტივირებულია იმისთვის, რომ ძალიან მალე გახდნენ ნატოს სრულფასოვანი წევრები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. მისი შეფასებით, უკრაინის და საქართველოს მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყნებმა დააკმაყოფილონ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების კრიტერიუმები. შმიგალის თანახმად, საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ხედვები და ერთად მოქმედებენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების მიზნით, მოლდოვასთან ერთად ახლახან შექმნილი „ასცირებული ტრიო“ კი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთად მოემზადონ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წლევანდელი სამიტისთვის.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზეც და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინას და საქართველოს უბიძგებს უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა მადლიერია და აფასებს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოს მხარდაჭერას, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასში რუსული აგრესიის დაგმობას. შმიგალს იმედი აქვს, რომ უკრაინა და საქართველო აქტიურად ითანამშრომლებენ კიევის მიერ ინიცირებული „ყირიმის პლატფორმის“ ფარგლებშიც, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ.

პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა. დენის შმიგალის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ უკრაინა, როგორც თანაავტორი, შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის უკანონო ფორმირებების გაყვანას და იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების სტატუსს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვიან ღამით ესტუმრა. დღეს დილით გაიმართა მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რომელიც სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG