Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ საყულიეში გაიმართა ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიეში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც 2 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულის ძმამ, ბესიკ მუკბანიანმა თქვა, ერთ პოლიციელსაც შეეძლო ირაკლი მუკბანიანის დაკავება, მაგრამ ამის ნაცვლად მათ პროვოკაცია მოაწყვეს. ბესიკ მუკბანიანი დარწმუნებულია, რომ შსს-ს მოქმედების მოტივი უკავშირდება ნამახვანჰესის მშენებლობის გაპროტესტებას.

საყულიეში იმყოფებოდა „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, არათუ უნდა გაათავისუფლონ ირაკლი მუკბანიანი და შეწყდეს დევნა, არამედ ბოდიში უნდა მოიხადოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი შეფასებით, გუმათსა და საყულიეში მიმიდინარე მოვლენები ერთი დიდი პროცესის ნაწილია.

გოლეთიანი მუკბანიანის მხარდასაჭერად აქციების ორგანიზების შესახებ ლაპარაკობს. „მთელი ქვეყანა დაირაზმება ნამახვანის მშენებლობის კი არა, ადამიანის უფლების დასაცავად. პირველ რიგში გუმათში ვდგავართ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები“, - თქვა მან და დაამატა, რომ აქციის თარიღი გამოქვეყნდება „ფეისბუკის“ გვერდზე „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეკრებილმა ადამიანებმა სალოცავთან გადაინაცვლონ: „იმისთვის, რომ ერთობა უფრო დამაჯერებელი და მტკიცე იყოს, სალოცავში მივიდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდგებით ყოველთვის. ბიჭების ადგილზე შეიძლება ჩვენც ვყოფილიყავით. სამწუხარო პროვოკაცვიული ქმედება იყო პოლიციის მხრიდან“.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა".

ირაკლი მუკბანიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივ მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის ინციდენტი გამოიწვია სოფელ საყულიეში ირაკლი მუკბანიანის დაკავებამ, რასაც პოლიციის მხრიდან გასროლას მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG