Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ამნისტიის გამოცხადებას ელოდებიან


ამნისტიის კანონის მიღების შესაძლებლობას განიხილავენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში. ამნისტიის აქტს მიუძღვნიან „დამოუკიდებლობის" დღის გამოცხადების 30-ე წლისთავს. საკითხი უკვე განიხილეს კომიტეტებში.

ოსური მედიის ცნობით, მსჯელობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამნისტიის აქტი ბოლოს 2017 წელს მიიღეს და ის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის არჩევასთან იყო დაკავშირებული.

ჯერჯერობით უცნობია ამნისტიის აქტი დანაშაულის რომელ მუხლებს შეეხება და გავრცელდება თუ არა ის მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი ზაზა გახელაძეს გამოუტანეს. მას თავისუფლება 12 წლით და 6 თვით აღუკვეთეს. გახელაძეს ბრალად ედება, ე.წ საზღვრის დარღვევა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. მის გარდა ცხინვალის ციხეში იმყოფებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

რადიო თავისუფლება ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ამნისტიის დიდი იმედი და მოლოდინი არა აქვს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ მუშაობა ზაზას გასათავისუფლებლად. გასულ თვეში გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, რომელმაც დრო ითხოვა საქმის ბოლომდე მისაყვანად. დაკავებულის ოჯახს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეხვდნენ. გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს ივნისის ბოლოსთვის აანონსებს.

XS
SM
MD
LG