Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიონის ხეობის მცველები" აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ "ენკას" მიერ ხეობაში საწვავის შეტანას


მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანია „ენკას“ ადგილზე საწვავის მარაგი აღარ აქვს და შეტანას სხვადასხვა გზით შეეცდება.

„ჩვენც გადანაწილებული ვართ რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ვბლოკავთ ხეობაში შესასვლელს. ყველა შემთხვევაში, არ ვიცი ეს როდის მოხდება, დღეს, ხვალ, თუ ორი დღის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად უახლოეს მომავალში, მოუწევს კომპანიას ჩვენს პირისპირ დადგომა“, - უთხრა დღეს გუმათში, ჟურნალისტებს ვარლამ გოლეთიანმა. მისი ინფორმაციით, გზების გადაკეტვის ყველა რესურსი აქვთ.

გოლეთიანი ვარაუდობს, რომ „ენკას“ წარმომადგენლები ხეობაში შესვლას ისევ პოლიციის დახმარებით შეეცდებიან: „თუმცა, ჩვენ არ გადავდივართ შეტევაზე და ვნახოთ, ისინი როგორ გადმოვლენ ჩვენი მისამართით... ჩვენ ველოდებით ყველაფერს, მზად ვართ ყველაფრისთვის“.

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება, კომპანიას ხეობაში შესვლა აუკრძალონ, „აბსოლუტურად კანონიერია“ და თუ საპასუხოდ, ისევ რეპრესიები განხორციელდება, დიდ აქციას გამართავენ. სად - ქუთაისში, თბილისში თუ სადმე სხვაგან, გოლეთიანი ჯერჯერობით არ ამბობს. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ლიდერის თქმით, მხარდამჭერების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხელისუფლებას არ აქვს უნარი მათთან საუბრით მოახდინოს დეესკალაცია და მოძრაობის გამარგინალებას ცდილობს, რის საშუალებასაც არ მისცემენ.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მიმდინარეობს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები. "რიონის ხეობის მცველები" მიიჩნევენ, რომ პროექტი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და მოითხოვენ:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ";
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ქუჩაში პროტესტის ნაცვლად ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატებით საკითხის განხილვამდე რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG