Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრატასევიჩის ინტერვიუს ტრანსლაციას მინსკის მიმართ მწვავე რეაქცია მოჰყვა


გერმანიამ სირცხვილი უწოდა პრატასევიჩის ინტერვიუს, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხ ONT-თი გადაიცა 3 ივნისს. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ პრატასევიჩის აღიარება „სრულიად სამარცხვნო და არადამაჯერებელი“ იყო. მან ბელარუსის ხელისუფლებას ბრალი დასდო ჟურნალისტზე „ფსიქიკურ და, შესაძლოა, ფიზიკურ“ ზეწოლაში, რათა ის კამერის წინ გამოსულიყო.

„ეს სირცხვილია ტელეკომპანიისთვისაც, რომელმაც გადასცა ეს ინტერვიუ, და ბელარუსის ხელმძღვანელობისთვისაც, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს დემოკრატისა და, უნდა ითქვას, ადამიანურობისადმი ზიზღს,“ თქვა ზაიბერტმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, განაცხადა, რომ პრატასევიჩი „აშკარად ზეწოლას განიცდის“. რააბი ასევე გამოვიდა მოწოდებით, პასუხისგებაში მიეცენ ის პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ ბლოგერის ინტერვიუს ტრანსლაციასთან.

ვარშავაში გამოსვლისას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ყველა ასეთი ვიდეო ზეწოლით და წამების შემდეგ იწერება. მან დასძინა, რომ პოლიტპატიმრების ამოცანაა, გადარჩნენ და მათ მიერ ნათქვამ სიტყვებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ბლოგერის მამა ძმიტრი პრატასევიჩი დარწმუნებულია, რომ ინტერვიუ წამების შედეგია და არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაც იმყოფება.

პრატასევიჩის „აღიარებას“ ძლიერი ზეწოლის შედეგად აფასებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Вясна.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG