Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 წელიწადში ლეღვის ნახარშით 80-მდე ადამიანი დაიწვა


გუგა ქაშიბაძე
გუგა ქაშიბაძე

10 წლის წინ დამწვრობის ცენტრში 15 წლის გოგონა მიიყვანეს. ექიმებს მანამდე მსგავსი არაფერი ენახათ, საუბარია არა დამწვრობის ხარისხზე, არამედ მის გამომწვევ მიზეზზე. უცნაური ფაქტი მასმედიით გაშუქდა და ასე ჩაეყარა საფუძველი „ტრადიციას“, რომელიც დღეს „ლეღვის ნახარშის“ სახელით არის ცნობილი. რადიო თავისუფლება დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს ესაუბრა.

„ახლა დიდი ქალბატონი იქნება ის გოგო, პირველმა ვინც ლეღვის ფოთოლი მოხარშა. მე რომ მცოდნოდა, 10 წლის მერეც ამ თემაზე ვილაპარაკებდი, დავუჯდებოდი და დაწვრილებით გამოვკითხავდი, საიდან მოაფიქრდა ამის გაკეთება, მაგრამ მაშინ ასეთი მნიშვნელობა არ მივანიჭე. როგორც კი ეს ამბავი ტელევიზიით გაშუქდა, მაშინვე პანდემიის სახე მიიღო. შემდეგ ვისაც ვეკითხებოდი, ყველა იძახდა, რომ საინფორმაციო საშუალებებით გაიგო ლეღვის ნახარშის შესახებ და თვითონაც მოხარშა“, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

ექიმი ამბობს, რომ მართლაც არსებობენ მცენარეები, რომლებიც საკმარისია კანზე შეგეხოს, დამწვრობას იწვევს, მაგალითად კავკასიური დიყა ან ბოლონაცარა, მაგრამ ლეღვით დამწვარი პირველად მხოლოდ 2011 წელს ნახეს.

„მაშინ ჩვენი ცენტრის დამაარსებელი ბატონი ბესიკი (იაშვილი) ცოცხალი იყო და ლეღვზე მასაც არ გაეგო. ბუნებრივია, ვერც ლიტერატურაში ამოვიკითხე მსგავსი რამ. ბევრ დამწვრობის ცენტრთან ვმეგობრობთ, მაგრამ მერიდება ვიკითხო. ვიცი, რომ ქართული ფენომენია“.

რადგანაც ლეღვის ნახარში რუჯის მისაღებად უნდათ, მას მთელ ტანზე და სახეზე ისვამენ, შესაბამისად მთელ სხეულზე პირველი ან მეორე ხარისხის დამწვრობა ვითარდება. ავადმყოფს ძვრება კანი, უწევს ტემპერატურა, რასაც თან ძილიანობა, გულისრევა და ტკივილი ახლავს. მკურნალობა 1-2 კვირა გრძელდება, თუ მდგომარეობა გართულდა, პაციენტი შეიძლება რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი მოხვდეს. იშვიათი შემთხვევის გარდა, ამ სახის დამწვრობა მკურნალობის შემდეგ კვალს არ ტოვებს.

ლეღვის ნახარშით დამწვარი მამაკაცი
ლეღვის ნახარშით დამწვარი მამაკაცი

რადგანაც ლეღვის ნახარშის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, მას ყველა თავისებურად ამზადებს, ზოგი ემალის ქვაბში ხარშავს, რადგან ფიქრობს, რომ ამ გზით ლეღვი თავის სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს, ზოგი წყალში აზავებს, ზოგი მოხარშვამდე ფოთლებს ახმობს... გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ გამორიცხულია ლეღვის ფოთლების ნახარშით რუჯის მიღება. აქ საქმე ნახარშის არასწორად მომზადებაში არ არის, თუ ლეღვის ნახარშს წაისვამ, ყველა შემთხვევაში დაიწვები. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ვიღაც მაინც იწვება.

„65 წლის ქალბატონი იყო, რომელიც ბოლომდე იძახდა, მზეზე დავიწვი, ვაშლის ხეზე ვიყავი ასულიო. მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, გარდა იმ ადგილებისა, რომელსაც საცურაო კოსტიუმი ფარავს. ვეკითხებოდით, რატომ იყო ბიუსჰალტერით ვაშლის ხეზე რამდენიმე საათი, მაგრამ მაინც არ გამოტყდა, რომ ლეღვის ნახარში წაისვა. სამედიცინო ისტორიაშიც ასე ჩაიწერა: „გაურკვეველ პირობებში მიღებული დაზიანება“, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

ამ ათი წლის განმავლობაში საავადმყოფოში ლეღვის ნახარშით დამწვარი 80-მდე ადამიანი მოხვდა, მათ შორის მამაკაცებიც, რომლებიც ამ „მეთოდით“ გარუჯვას ცდილობდნენ. დაშავებულები ძირითადად თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან იყვნენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG