სერბეთის პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე დღეში განახლდება მოლაპარაკება კოსოვოსთან კავშირების ნორმალიზების მიზნით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობს.
პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია შარშან შეჩერებული მოლაპარაკების განახლების თარიღი, თუმცა თქვა, "საუბარია დღეებზე და არა კვირებზეო". ვუჩიჩმა 4 ივნისს დასძინა, რომ სერბეთი "ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებისთვის" და მას არ სურს "გაყინული კონფლიქტი" ჰქონდეს.
ვუჩიჩის ამ განცხადებებს წინ უძღოდა სერბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მეთიუ პალმერის და ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენლის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი, რომლის მიზანი იყო მოლაპარაკების აღდგენის ხელშეწყობა. სერბეთის მთავრობა აცხადებს, რომ კოსოვოსთან ნორმალიზაციის პროცესი მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ბელგრადში 3 ივნისს ჩასვლამდე, პალმერი და ლაიჩაკი ეწვივნენ პრიშტინას, კოსოვოს დედაქალაქს. კოსოვოს მთავრობა, რომელსაც მარტიდან პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლითაა დაკავებული და სერბეთთან მოლაპარაკების საკითხი მისთვის ამჟამად არ არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული.
ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აცხადებენ, რომ ნორმალიზება აუცილებელია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება სურთ სერბეთსაც და კოსოვოსაც, ამასთან, კოსოვოს ნატოს წევრობაც უნდა.