2014 წელს მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდების თაობაზე ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სამშაბათს იწყება სამხილებისა და მასალების წარმოდგენა, რომლებიც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მოაგროვა. დღეს სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტინჰოისმა განაცხადა, მის კოლეგიას პირველ რიგში აინტერესებს, რა ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული 2014 წელს ლაინერი, საიდან გაისროლეს იგი და აქვს თუ არა ტრაგედიასთან კავშირი ოთხ ბრალდებულს.
რამდენიმე წლის ერთობლივი მუშაობის შემდეგ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა 2018 წლის მაისში დაასკვნა, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ი რეისი MH-17, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს, ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკით“, რომელიც ეკუთვნოდა კურსკთან განლაგებულ რუსეთის არმიის ბრიგადას. კატასტროფაში დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე პირი, მათ შორის, 80 ბავშვი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქე იყო.
სამგზავრო რეისის დაღუპვისთვის პასუხისმგებლობა ნიდერლანდმა რუსეთს დააკისრა.
კატასტროფის თაობაზე სასამართლო 2020 წლის 9 მარტს დაიწყო ამსტერდამში. ბრალდება წაუყენეს ოთხ ადამიანს, რომლებიც უკრაინელ სეპარატისტებთან არიან დაკავშირებული. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინისა.
2014 წლის 17 ივლისს, ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ სამ საათზე უფრო ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, „მალაიზიის ავიარეისების“ Boeing 777 რაკეტა „ბუკით“ ჩამოადგეს.
ვინაიდან დაღუპულთა უმრავლესობა ნიდერლანდელი იყო, უკრაინამ ნიდერლანდს გადასცა გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება.
ნიდერლანდი დათანხმდა, წამყვანი როლი იკისროს ავიაკატასტროფის გამოძიებაში გაეროსთან და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ნიდერლანდის უშიშროების საბჭო და გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი (JIT) მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.
აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ოფიციალური პირები საჯაროდ უარყოფენ გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის დასკვნებს.
2017 წლის ივლისში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ დადგინდა რეის MH-17-ის კატასტროფაში დამნაშავეები, ისინი ნიდერლანდში გასამართლდებიან.
2019 წლის ოქტომბერში რუსეთი გამოვიდა წინადადებით, ბრალდებულთაგან სამი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ტერიტორიაზე გასამართლდნენ. ნიდერლანდმა უარყო ეს წინადადება.
ოთხივე ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე. ერთ-ერთი მათგანი, ოლეგ პულატოვი, დათანხმდა, ადვოკატების გზით ითანამშრომლოს სასამართლოსთან.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს „მიჰყვეს მთელს ჯაჭვს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დონემდე“.
დაწერეთ კომენტარი