Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა


ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომის ინციდენტის გამო „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადაიხადა. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონის მეორე მოსმენით განხილვისას მან თქვა, რომ მიუღებელია ასევე ინციდენტიც, რომელიც გავრილოვის „იმ სკამზე წამოჯდომის“ გამო პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტზე „შტურმის“ სახით განახორციელა:

„ის, რომ გავრილოვი არ უნდა დამჯდარიყო აქ, არის ელემენტარული ჭეშმარიტება, მაგრამ ისიც ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ არ შეიძლება ესეთი ინციდენტი პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს შტურმისათვის. და ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ შორის, დაზარალებულების მიმართ, თქვენც გაკისრიათ. ესეც კარგად გაითვითცნობიერეთ“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციას. მისი თქმით, ეს იყო რუსული კარტის გათამაშება ოპოზიციის მიერ, ხელისუფლებაში გადატრიალებისა და ქაოსის შესატანად. ირაკლი ქადაგიშვილსვე განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენების გარდა, საქართველოს მძიმედ დაუბრუნდა ასევე ოპოზიციის მიერ განხორციელებული ბოიკოტის შედეგებიც. უმრავლესობის დეპუტატის თანახმად, სწორედ ამ თემების დასახურადაა საჭირო ამნისტია:

„მძიმედ დაუბრუნდა საქართველოს ის, რაც არჩევნების შემდეგ თქვენ გააკეთეთ და რაზეც მთელი ცივილიზებული საზოგადოება გეუბნებოდათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში. აი, ეს არის ეს ამინისტია, ეს არის ეს ხელშეკრულება, რომ რაღაცნაირად დავხუროთ ეს ყველაფერი და მიხვდეთ, რომ ამ თემით სპეკულაცია არ შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას.

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული საქმეებით განსაზღვრულ დანაშაულთა ამნისტიას ეხება და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამნისტიაზე უარს არ აცხადებს. კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების უმრავლესობის მიერ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას 8 ივნისიდან შეუერთდა, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე დღემდე უარს ამბობს და მიზეზად სწორედ ამნისტიას ასახელებს.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის საკუთარი პროექტი აქვს მომზადებული ოპოზიციასაც. ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG