Accessibility links

site logo site logo

"რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება" - რა იცის გახარიამ?


ყოფილი თანაგუნდელებისგან ღალატში დადანაშაულებული ექსპრემიერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია და რომ ასეთი ვითარება ხელისუფლების ლეგიტიმაციის არარსებობით არის განპირობებული.

ტელეკომპანია „პირველის “ გადაცემა „რეაქციაში “ გახარიას მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი საბაბი მისცა იმისათვის, რომ თავისი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან გარიგებაში დაედანაშაულებინა.

  • რას ნიშნავს ლეგიტიმაციის პრობლემა ხელისუფლებაში და რა შეიძლება იცოდეს გახარიამ?
  • შეუძლია თუ არა გახარიას გუნდს - ზეგავლენა მოახდინოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივაზე?
  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პარლამენტში თუ მის მიღმა?

„შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი „2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს“.

43%-იანი ნიშნული მწვავე კამათის შემდეგ შეთანხმდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, „ქართული ოცნება“ 40%-იანი, ხოლო ოპოზიცია მინიმუმ 45%-იანი ზღვრის დაწესებას ითხოვდა.

43%-იან ზღვარს „ქართული ოცნების“ „გენიოსურ შედეგს“ უწოდებს ყოფილი პრემიერი, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია, რომელსაც ყოფილი თანაგუნდელები, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ახლა მხოლოდ მოღალატედ და ოპოზიციასთან ერთად შეთქმულებაში ეჭვმიტანილად მოიხსენიებენ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი „ბოსები“ თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ, რადგან, რამდენი პროცენტიც არ უნდა მიიღოს „ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი იქნება.

„43%-ს მიიღებს „ოცნება“, 48-ს თუ 50-ს, ჩემი გადმოსახედიდან, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მარტივი მიზეზის გამო; იმიტომ, რომ „ოცნებამ“, როდესაც აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სამართლიანად და სუფთად (2020 წლის არჩევნებზე) 48% მიიღო, მან თავისი 48%-იანი შედეგის დაცვა უბრალოდ ვერ შეძლო...

განსაკუთრებით ყველა იმ მოვლენის შემდგომ, რაც შემდგომ განვითარდა, „ოცნებას“, მიუხედავად იმისა, რამდენ პროცენტს აიღებს, უბრალოდ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს... და ლეგიტიმაციის პრობლემას 50%-ითი და 43%-ით ვერ მოაგვარებს...

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ პროცენტს მიიღებს „ოცნება“ ლეგიტიმაციის პრობლემის პირობებში... მთავრობის ლეგიტიმაციის პრობლემაა... რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ 8 ივნისს, ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობის დროს.

რას გულისხმობს გახარია? დგას თუ არა მისი სიტყვების მიღმა გარკვეული ინფორმაცია, პროგნოზი ანდა კონკრეტული გეგმა, რომელიც გარდაუვალს გახდის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიუხედავად? შესაძლებელია თუ არა, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებამდეც მოხდეს?

ამ შეკითხვების შესატყვისი განმარტებები ექსპრემიერს არ გაუკეთებია და პასუხების მოძიება რადიო თავისუფლებამ 9 ივნისს ვერც მის პარტიაში შეძლო. ~

თუმცა აპრილში, როცა საპარლამენტო უმრავლესობას „გახარიას გუნდის“ სახელით 6 დეპუტატი გამოეყო და „ოცნებას“ 84 დეპუტატი დარჩა, ექსპერტები ალაპარაკდნენ შანსზე, რომ ეს პროცესი, გაფართოების შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტის დაშლამდე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდეც მივიდეს.

  • საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება იმ შემთხვევაში, თუკი დარჩენილ 84-ს კიდევ 9 დეპუტატი გამოაკლდება და „ოცნებას“ აღარ ეყოლება უმრავლესობის ფორმირებისთვის აუცილებელი მინიმუმ 76 დეპუტატი.
  • ასეთი მოცემულობა ავტომატურად ვერ გახდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი; თუმცა, გარდაუვალი შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ მოცემულობას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებული პრობლემაც დაერთვება.
  • თუკი რაიმე მიზეზით პრემიერი გადადგება, გადადგომა მოუწევს და მთავრობის ხელახლა დაკომპლექტების აუცილებლობა გაჩნდება, ხოლო „ოცნებას“ 76 დეპუტატი აღარ ეყოლება, ის ვეღარ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას.
  • პარლამენტის წიაღში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

რა შეიძლება იცოდეს გახარიამ?

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, რომ სამთავრობო კრიზისი შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებამდეც შეიქმნას და არჩევნების შემდეგაც.

გახარიას სიტყვების გათვალისწინებით, ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა, ფლობდეს რეალურ ინფორმაციას „ქართული ოცნებიდან“ სხვა დეპუტატების შესაძლო გამოყოფის შესახებაც.

„გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, არჩევნებზე პასუხისმგებელი და დიდი ინფორმაციის მქონე პირი.

მან ძალიან კარგად იცის, როგორ კომპლექტდებოდა ეს სია - ვინ რომელი დაჯგუფების წარმომადგენელი იყო; რა ხდებოდა ამ დაჯგუფებებს შორის ...

შესაძლოა, მას აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული დაჯგუფება ასევე უკმაყოფილოა და შესაძლოა, მასთან კი არ წავიდეს მაინცდამაინც, არამედ უბრალოდ - უმრავლესობიდან წავიდეს... შესაძლოა, რომ გახარიას სიტყვებში ეს სცენარი წავიკითხოთ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ალაფიშვილი.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მმართველ გუნდის წარმომადგენლები უმრავლესობიდან სხვა დეპუტატების გასვლის ალბათობას გამორიცხავენ.

"საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა"

გახარიას სიტყვებმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი საბაბი მისცა იმისთვის, რომ თავიანთი ყოფილი პრემიერი ისევ ოპოზიციასთან დაეკავშირებინა. 9 ივნისს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარიას რიტორიკა ზუსტად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციისას.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოცდა და აქ კიდევ ერთხელ ფიქსირდება საეჭვო კავშირები ინტერესებს შორის... მან ზუსტად იცის, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდება 43%-იანი ბარიერის გადალახვა და იმიტომ წამოცდა... მან ასეთი რამ თქვა, რომ რომც აიღოს 43%-ზე მეტი, შეიძლება მაინც ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა...

ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა... აქ პირდაპირ ემთხვევა, რა თქმა უნდა, გახარიასა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს... ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა“ - უთხრა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს ჟურნალისტებს.

გიორგი გახარიას მიერ 8 ივნისს ტელეეთერში გაკეთებული მწვავე განცხადებების მთავარი სამიზნე არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იყო.

ექსპრემიერმა მასთან მიმართებით მიანიშნა, რომ ოპოზიციონერების გარდა, „კურდღელს“ ირაკლი კობახიძესაც უწოდებდა და კიდევ ბევრი რამ აქვს მისთვის ნათქვამი. ამავე ინტერვიუში გახარიამ თქვა, რომ კობახიძე, „უხილავი ხელის“ დახმარებით, ნიკა მელიას სარისკო დაჭერის გეგმებს მისი გვერდის ავლით აწყობდა და გადადგომა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როცა მან ბიძინა ივანიშვილთან დარეკვა სცადა, პასუხი ვერ მიიღო და ეს უპასუხობა პასუხად ჩათვალა.

ირაკლი კობახიძე "ოცნების" გუნდიდან პირველი იყო, ვინც გიორგი გახარიას ოპოზიციასთან ერთად შეთქმულების გეგმაში მონაწილეობა დასდო ბრალად და 4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დახატა „ხელისუფლების აყირავების“ სცენარი, რომელიც ენმ-ის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.

8 ივნისს კი, ექსპერტებმა ბიძინა ივანიშვილის წერილშიც იგივე სახის მკაფიო მინიშნებები დაინახეს. ახლა უკვე, გახარიას ღალატსა და შეთქმულების სცენარზე მთელი „ქართული ოცნება“ ხმამაღლა ლაპარაკობს.

ის, რაც გიორგი გახარიას წინააღმდეგ ახლა ხდება, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მისთვის ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან ერთი მხრივ - მმართველი პარტიიდან, ხოლო მეორე მხრივ - ოპოზიციიდან წამოსული მწვავე კრიტიკის ზეგავლენით, ექსპრემიერი იკავებს მესამე ძალის პოზიციებს, რაც ბევრი სხვა პოლიტიკური ძალის გაცხადებული მიზანია.

ლეგიტიმაცია

ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი დროთა განმავლობაში მაინც დადგეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი „ქართული ოცნება“ 43%-იან ზღვარს გადალახავს; მაგრამ, მისი აზრით, ეს მოხდება არა ხელისუფლების ლეგიტიმაციის არარსებობის გამო, არამედ ეს შესაძლოა მოხდეს, სოციალური და ეკონომიკური ფონის უკიდურესად დამძიმების გამო ანდა გარკვეული სიურპრიზების შედეგადაც.

„გახარიას მიერ ნახსენები იყო კორუფცია და ნეპოტიზმი, კიდევ კაცმა არ იცის, მომავალში რა ბომბები შეიძლება გასკდეს და ასე შემდეგ... რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მაინც ჩატარდეს, მაგრამ არა ლეგიტიმაციასთან მიბმული“ - გვეუბნება ვახტანგ ძაბირაძე.

ლეგიტიმაციის არარსებობის საკითხთან მიმართებით გიორგი გახარიას ლოგიკაში „სწორ პოლიტიკურ განცხადებას“ ხედავს ლევან ალაფიშვილი.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად „შარლ მიშელის“ შეთანხმების შინაარსიც, რომლის ხელის მოწერითაც „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მმართველობის 9-წლიან პერიოდში ვერ შეძლო მთელი რიგი ისეთი საკითხების მოგვარება, რაც „დემოკრატიის საყრდენს“ წარმოადგენს.

„ხელისუფლებას ფაქტობრივად უთხრეს - შენ დემოკრატია არ გაქვს და შენი წვლილი ამაში დიდია. ამ ფონზე მას, ბუნებრივია, ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, შეექმნება ან გაეზრდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ... არ დაგვავიწყდეს, ვინ იყო ჩართული (მედიაციის) პროცესში და ვის წინაშე აღიარა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ალაფიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG