Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი გამოაქვეყნებს ვაქცინებით მსოფლიოს დახმარების გეგმას


ჯო ბაიდენი კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით 2020 წლის დეკემბერში აიცრა
ჯო ბაიდენი კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით 2020 წლის დეკემბერში აიცრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაქვეყნებს კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გლობალურ გეგმას. ბაიდენი ამჟამად იმყოფება დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტში. წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინაციის გეგმას "დიდი შვიდეულის" სამიტზე წარმოადგენს.

სააგენტო Reuters-ი და ამერიკის საზოგადოებრივი რადიო რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს ორი წლის განმავლობაში, 92 დაბალშემოსავლიან და აფრიკული კავშირის ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონი დოზა - 200 მილიონი წელს და 300 მილიონი მომავალი წლის პირველ ნახევარში.

პროგრამა განხორციელდება საერთაშორისო კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით. ტელეკომპანია CNBC-ს ინფორმაციით, აშშ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების შესაძენად მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანია „მოდერნასთანაც“.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აშშ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს, საქართველოცაა. 7 ივნისს, როცა თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს“.

თავად აშშ-ში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს ზრდასრული მოსახლეობის 64%-ს.

XS
SM
MD
LG