Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ნეფარიძე შუქრუთელების შიმშილობის აქციის შეწყვეტაზე: კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს


გიორგი ნეფარიძე
გიორგი ნეფარიძე

შუქრუთელების შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნეფარიძე აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმების დოკუმენტი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი გამყარებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობით. კერძოდ, სწორედ ბიურო შეაფასებს მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანს.

„შევჯერდით ყველანაირ პრინციპზე, ყველანაირ დეტალზე, ერთობლივად მოხდა ჩვენსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის შეჯერება, შეთანხმება და ამის შემდეგ მოხდა ორივე მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა. კომუნიკაცია სამი დღის წინ შედგა კომპანიის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობას შორის და ამ სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკების პროცესი და საბოლოოდ მივედით ლოგიკურ დასასრულამდე“, - აღნიშნა გიორგი ნეფარიძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან შეთანხმების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ პროტესტის შუქრუთიდან თბილისში, კერძოდ ამერიკის საელჩოსთან გადმოტანამ შედეგი გამოიღო.

„სამწუხაროდ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, არ იყო მზაობა ალბათ არც ერთი მხრიდან არაერთი გაუგებრობის ფონზე, დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მაგრამ საბოლოოდ ორივე მხარემ გამოვნახეთ ის ძალა და რესურსი, რომ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და დიალოგის ფორმატით და დიალოგის რეჟიმში გადაგვეწყვიტა ეს არსებული პრობლემა“, - აღნიშნა გიორგი ნეფარიძემ. „დილის საუბრებში“ მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

გუშინ, 9 ივნისს, 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს და საპროტესტო აქციის ადგილი, ამერიკის სეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს შუქრუთელმა მოშიმშილეებმა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 11 ოჯახის პროტესტი თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან თერთმეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ითხოვდნენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ზიანის შეფასებას სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართულობით. მოშიმშილეების ნაწილს, ხუთ კაცსა და სამ ქალს, პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდა ამოკერილი. საპროტესტო აქცია მთლიანობაში სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG