Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, ხელი არ შეახო


ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ემხრობა ბავშვის ფიზიკურ დასჯას, ამბობს, რომ თითქმის წარმოუდგენელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არა შეახო. მან საზოგადოებას მიმართა, რომ ერთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც შვილი არასოდეს უცემია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როცა უპასუხა შეკითხვას ნინოწმინდის პანსიონში არსებული შესაძლო ძალადობის ფაქტების შესახებ.

„თუ ლაპარაკია, იმაზე, რომ ბავშვებს სჯიდნენ, თქვენც გეტყვით და მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც ბავშვი არასოდეს არ დაუსჯია, საკუთარი შვილი. აქეთ მხარეს დადგნენ, ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც უცემია თავისი შვილი. აქ ლაპარაკია 20-15 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ როდესაც ოჯახებშიც კი ხდება ეს დღემდე. ეს არის გადაცდომა, მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ ეს ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო ხელი არ შეახო, ლამის წარმოუდგენელია. თუ საუბარია დასჯის მკაცრ გადაცდომებზე ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა მან.

ის ამბობს, რომ არ შეუძლია გამორიცხოს ან არ გამორიცხოს პანსიონში შესაძლო დასჯის მეთოდების არსებობა. მისი თქმით, იქ არიან ბავშვები, ვინც ამას ადასტურებს და არიან ისეთები, ვინც ამას უარყოფს.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, წლების განმავლობაში მას ურთიერთობა ჰქონდა პანსიონის ყოფილ ბენეფიციარებთან და რაიმე კრიმინალური რომ აღმოეჩინა, მოახდენდა რეაგირებას პატრიარქის, სინოდის და თვითონ სპირიდონის წინაშე, თუმცა „დასჯა და სიმკაცრე სხვა არის“.

მისი სიტყვებით, დღეს პანსიონატში ძალადობრივი გარემო არ არის. ვითარება პანსიონში მშვიდია და „სოცმუშაკები ბავშვებთან ფეხბურთს თამაშობენ ეზოში“, მანამდე კი „ჟურნალისტების გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ ისე ძალადობდნენ ჟურნალისტები ბავშვებზე“.

რაც შეეხება პანსიონის მომავალს, მიტროპოლიტი ამბობს, რომ პანსიონების დახურვა გამოსავალი არ არის, ვინაიდან ეს ბავშვები აღმოჩნდებიან ქუჩაში. მის თქმით, დიდი ბავშვთა სახლები კი არ უნდა დაიხუროს, არამედ „დაქუცმაცდეს“, ერთ ბავშვზე უნდა იყოს მეტი ფართობი და მეტი პედაგოგი. ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორია იძლევა იმის საშუალება, რომ იქ რამდენიმე პატარა ბავშვთა სახლი მოეწყოს და ამ სივრცეში ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ.

რას შეეხება პანსიონში სახალხო დამცველის შესვლას, მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ეს საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც იქ მომუშავე კომისია დაასრულებს საქმიანობას.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG