კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში. ახმეტის კლინიკაში აცრა მარტში, რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი, ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა.
მეგი ბაქრაძეს, რომელიც 19 მარტს, ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, აცრის შემდეგ განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. საქმის გამოძიების საბოლოო შედეგი ამ დრომდე უცნობია.
ექთნის გარდაცვალების შემდეგ ვაქცინაცია დროებით შეწყდა ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება არ ჰქონდა. მათ შორის იყო ახმეტის საავადმყოფო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახმეტის კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა რეანიმაციული განყოფილება და ვაქცინაციის პროცესი ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება:
„ჯობია, რომ აცრა ხდებოდეს უშუალოდ ახმეტაში, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. ახმეტელებს შეუძლიათ ასაცრელად ყველაზე ახლოს მდებარე თელავის კლინიკებში დარეგისტრირდნენ და აიცრან“.
ახმეტის რაიონული ჰოსპიტალი „ევექსის“ შემადგენლობაშია. რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, რომ „ემერჯენსის” მოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და შემდეგ უკვე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე იქნება დამოკიდებული, როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.
კახეთის რეგიონში ახმეტა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილზე არ კეთდება კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო აცრა. 15 მარტიდან კახეთში აცრილია 6 ათასამდე ადამიანი.