Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაში


მინდია დავითაძე
მინდია დავითაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს „საქპატენტის“ დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მინდია დავითაძე. ის ფეისბუკზე წერს, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. მინდია დავითაძე ხაზს უსვამს, რომ „საქპატენტის“ თავმჯდომარედ 2020 წლის თებერვალში, 4 წლის ვადით დანიშნა საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან“.

დავითაძის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 10 ივნისს შეიტყო, როცა მივლინებით გურიაში იმყოფებოდა. მინდია დავითაძის თანახმად, „პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით“, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა, ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით, "საქპატენტში" ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია. მინდია დავითაძის განცხადებითვე, ასევე, რეკორდულ დროში, 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე, რომ არც დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი და "საქპატენტს" დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

მინდია დავითაძის ინფორმაციით, „შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები“. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული.

მინდია დავითაძე იმასაც წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა მასთან შესახვედრად „მოიცალა“ მხოლოდ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, იმ მოტივით, რომ წინა პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული. დავითაძის ინფორმაციით, მან განცხადების დაწერაზე უარი თქვა.

მინდია დავითაძის ბრალდებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეაქცია ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, "საქპატენტი" საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG