Accessibility links

site logo site logo

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ნატოს ოჯახის გარდაუვალ წევრად ხედავს


ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო და ლიეტუვა ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, მაგრამ მათ ძლიერი კავშირი აქვთ.

"პირველ რიგში, ვართ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს და ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ენერგიულად ესწრაფოდა ნატოს და ევროკავშირის გზას, ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ეს გვაერთიანებდა და ჩვენს საზოგადოებაში არ რჩებოდა არანაირი ეჭვები. მსგავს მონდომებას ვხედავთ ქართველ ხალხში. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას განიხილეს ბრძოლა პანდემიასთან. ითქვა, რომ ლიეტუვის მთავრობა ეძებდა საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გზებს და მიღებულია გადაწყვეტილება 15 ათასი დოზა ვაქცინის გადაცემის თაობაზე, ეს ოდენობა შეიძლება შეიცვალოს.

გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მზადაა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დააგროვა. მან კმაყოფილება გამოხატა საქართველოში პარტიებს შორის არსებული უთანხოების დაძლევის გამო და მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პარტიამ.

ის გამოეხმაურა, ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.

„თქვენი მიზანი, წარადგინოთ განაცხადი 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი განაცხადი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის თქვენი გაბედულების დემონსტრირება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მან საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე რუსეთის აგრესული ქმედებების გამო. ნაუსედა გუშინ საოკუპაციოს ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები, „ჩვენი და თქვენი თავისუფლების ეს გამოწვევა ისევ აქტუალურია“.

„ლიეტუვა კვლავ გაუწევს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ლიეტუვა საქართველოს ნატოს ოჯახის გარდაუვალ წევრად ხედავს.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ის შეხვდება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ვიზიტის ფარგლებში, 10 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ დიდ ხურვალეთში ეწვია საოკუპაციო ხაზს. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილი ჰუმინიტარული მდგომარეობის შესახებ. 11 ივნისს იგი გამართავს შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ისე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG