Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეულის“ მასპინძელი - ბრიტანეთი -  პანდემიასა და უთანასწორობას აყენებს სამიტის ცენტრში


დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეებმა თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გამართეს პირისპირ შეხვედრები ბრიტანეთში, ზღვისპირა ქალაქში, 11 ივნისს და პირობა დადეს, რომ ვაქცინას გაუნაწილებენ ღარიბ სახელმწიფოებს და სამართლიან ეკონომიკას განავითარებენ პერიოდში, როცა მსოფლიო პანდემიიდან გამოსვლის გზაზეა.

სამიტის მეორე დღეს, 12 ივნისს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიის, კანადისა და საფრანგეთის ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პანდემიის თემას. როგორც მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, პანდემიას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, „მუდმივი იარა“ დაუტოვოს დედამიწას.

მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილების მიმართ კრიტიკის ფონზე, მოსალოდნელია, რომ „დიდი შვიდეული“ უფრო ღარიბ ქვეყნებს დაჰპირდება მილიარდ ვაქცინას. აშშ-მა განაცხადა, რომ მომავალ წელს 500 მილიონ ვაქცინას გაიღებს უსასყიდლოდ. ბრიტანეთი აპირებს ასი მილიონი დოზა გადასცეს სხვა ქვეყნებს.

ბრიტანეთის განცხადებით, შემუშავდება „ზომების პაკეტი“, რათა მომავალში მსოფლიო ახალ პანდემიას მზად დახვდეს. დიდი ბრიტანეთი სამდღიან სამიტს აწყობს დევიზით „კვლავ ავაშენოთ უკეთ“, რომლის თანახმად, მრეწველობის „ეკოლოგიზაცია“ უნდა მოხდეს და უნდა გაფართოვდეს თანასწორუფლებიანობა.

XS
SM
MD
LG