Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმებაზე: ეს იყო ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგს" უწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 15 პირის სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიის რუკები გადასცა. ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

"ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ გარღვევა არის და ეს არის დასაწყისი იმ დიდი შემდგომი ფორმატების განვითარების, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვიხილავთ... მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს შედეგი გვაქვს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო, პირველ რიგში, ჩვენი მეზობლების, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის, სომხეთის მიმართ, რომლებმაც ძალიან კარგად გააცნობიერეს, რომ აუცილებელია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის დასადგურება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს რეგიონს განვითარების პერსპექტივა", - აცხადებს ზალკალიანი.

ამ პროცესში საქართველოს ჩართულობისთვის მადლობას უხდიან აზერბაიჯანი და სომხეთი.

საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს გადასცემდა კონფლიქტის დროს დაკავებულ 15 მოქალაქეს მისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის შემთხვევაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

XS
SM
MD
LG