„ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთიანობისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ელჩის თქმით, ყველა მხარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია.
„მოხარული ვარ, რომ საპატრიარქოში მიმიწვიეს შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, UNICEF-ისა და World Vision-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ყველამ განვიხილეთ ბავშვებზე ზრუნვის საკითხები. რა თქმა უნდა, შეხვედრის მთავარი თემა ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენები იყო. თითოეული მხარის ძალიან ნათელი პასუხი იყო, რომ საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ბავშვების ინტერესებია, რომლებიც იქ ისევ ცხოვრობენ და ასევე მათი, ვინც უკვე დატოვა პანსიონი და ვინც დღეს ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს“.
კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხლეს უფრო ფართო სტრატეგიული მიდგომა, რადგან საკითხი უფრო ვრცელია, ვიდრე მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევა.
საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე შეხვედრას 13 ივნისს ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები. საპატრიაქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მედიას უთხრა, რომ პანსიონის დახურვაზე დღეს საუბარი არ არის.
ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც იქ ორჯერ არ შეუშვეს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი, რასაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების პროტესტი, შემდეგ კი პანსიონში არსებულ ძალადობრივ გარემოსა და პრობლემებზე ყოფილი ბინადრები ალაპარაკდნენ.