Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში 35-ლიტრიან ავზში 68 ლიტრი საწვავი ჩაასხეს - აუდიტის ანგარიში


აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით 2017-2018 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებში იმაზე მეტი მოცულობის საწვავი "ჩაასხეს", ვიდრე ავზი იტევდა. აუდიტორებმა გამოიკვლიეს, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები და მეორდებოდა როგორც დავით ნარმანიას მერობის, ასევე კახა კალაძის ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს.

მაგალითად, 2018 წლის 31 მაისს თბილისის მერიის თანამშრომელმა KIA Picanto-ში, რომელსაც 35-ლიტრიანი ავზი ჰქონდა, 33 ლიტრით მეტი, 68 ლიტრი საწვავი "ჩაასხა". ასე იყო 2017 წლის 22 აგვისტოსაც. იმავე მოდელის მანქანაში 35 ლიტრი საწვავის ნაცვლად, 30 ლიტრით მეტი, 65 ლიტრი "ჩაასხეს".

აუდიტორებმა გამოიკვლიეს, რომ სულ 2017-2018 წლებში 632 მსგავსი შემთხვევა იყო. ჯამში "გადაჭარბებით ჩასხმულია" 29 ათასი ლიტრი საწვავი, რომლის ღირებულებაც 57,7 ათასი ლარი იყო.

შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ მერიისა და გამგეობის თანამშრომლები მანქანებში დროის მცირე მონაკვეთში არაერთხელ და ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს "ასხამდნენ" მანქანებში. მაგალითად, KIA Picanto-ში, რომელსაც 35-ლიტრიანი ავზი ჰქონდა, 3 საათში 221 ლიტრი საწვავი თბილისის სხვადასხვა უბანშია "ჩასხმული".

გარდა ამისა, დოკუმენტების შესწავლის დროს აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ საბიუჯეტო თანხებით საწვავს ასხამდნენ თბილისის საზღვრებს გარეთაც. მათ შორის, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში და ა.შ. ასეთი სულ 678 შემთხვევა იყო და გახარჯულია 43 ათასი ლარის ღირებულების 22,6 ათასი ლიტრი საწვავი.

იმის გამო, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ეხებოდა დავით ნარმანიასა და კახა კალაძის მერობის პერიოდს, რადიო თავისუფლებამ ორივე მათგანთან სცადა დაკავშირება.

"მე არ ვამბობ, რომ სისტემაში ცალკეული გადაცდომები არ გვქონდეს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა. ამ ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მოკვლევა გვაქვს დაწყებული მუნიციპალიტეტის მასშტაბით და სადაც კი ასეთი პრობლემები იქნება, გვექნება სათანადო რეაგირება", - ამბობს თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

იმ შემთხვევაში, თუ დავით ნარმანია ამ საკითხზე მოისურვებს საუბარს, მისი პასუხი მასალაში აისახება.

თბილისი არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ბიუჯეტის ფულით საჯარო სამსახურის თანამშრომლები მანქანის ავზში იმაზე მეტ საწვავს "ასხამენ", ვიდრე ის იტევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG